საქსტატმა მოსახლეობის აღწერის ვადა გაახანგრძლივა
საქსტატმა მოსახლეობის აღწერის ვადა 31 დეკემბრამდე გაახანგრძლივა და ამასთან, დღეიდან, კვლავ ხელმისაწვდომი გახდება თვითრეგისტრაციის პორტალი. ამის შესახებ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მან 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის მიმდინარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უკვე გამოიკითხა 3 მილიონზე მეტი მოქალაქე. თოდრაძის განცხადებით, პროცესს აფერხებს ის, რომ თბილისში, მოქალაქეების ნაწილი აღმწერებს კარს არ უღებენ, ასევე, ზოგიერთ რეგიონში არსებული მეტეოროლოგიური პირობები.
“როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის ნოემბრიდან საქართველოში მიმდინარეობს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა. აღწერას ატარებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური – საქსტატი, რომლის მიზანია მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურისა და დემოგრაფიული მდგომარეობის ამსახველი დეტალური მონაცემების შეგროვება. პირველად, ჩვენი ქვეყნის აღწერების ისტორიაში, აღწერა ტარდება ელექტრონულად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
თავდაპირველად, პირველ ეტაპზე, 14-დან 28 ნოემბრის პერიოდში, მონაცემები შეგროვდა თვითრეგისტრაციის მეთოდის გამოყენებით, ხოლო მეორე ეტაპზე (29 ნოემბრიდან დღემდე) – კარდაკარის პრინციპით, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. ამასთან, მაღალმთიან და ძნელად მისადგომ დასახლებებში, აღწერა ჩატარდა მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში.
დღეის მდგომარეობით აღწერის ფარგლებში გამოიკითხა 3 მილიონზე მეტი მოქალაქე. პროცესი აქტიურად მიმდინარეობს დღესაც, რომლის დასრულებასაც სჭირდება კიდევ რამდენიმე დღე. აქედან გამომდინარე, საქსტატმა მიიღო გადაწყვეტილება აღწერის კიდევ რამდენიმე დღით გახანგრძლივების შესახებ და შესაბამისად, პროცესი გაგრძელდება მიმდინარე თვის ბოლომდე.
აღსანიშნავია, რომ აღწერის მიმდინარეობისას მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი, სხვადასხვა გარემოების გამო, კარს არ უღებდა მასთან სახლში აღწერაზე მისულ საქსტატის წარმომადგენელს (აღმწერს), რაც გარკვეულწილად აფერხებდა პროცესს. მონაცემთა შეგროვების პროცესი შეაფერხა ასევე გასული დღეების განმავლობაში რამდენიმე რეგიონში მოსულმა უხვმა ნალექმა და რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა.
აქედან გამომდინარე, მოქალაქეთა თხოვნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, დღეიდან, 20 დეკემბრიდან კვლავ გავხსნათ აღწერის თვითრეგისტრაციის პორტალი, რომლის მეშვეობითაც აღწერის მიღმა დარჩენილ მოქალაქეებს მიეცემათ შესაძლებლობა, დამოუკიდებლად, სახლში ინტერვიუერის ვიზიტის გარეშე შეავსონ ელექტრონული კითხვარი. აღწერაში თითოეული მოქალაქის ჩართულობა მნიშვნელოვანია.
ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღწერის ფარგლებში შეგროვებული მონაცემები მკაცრად კონფიდენციალურია, არ გასაჯაროვდება ინდივიდუალური სახით და გამოიყენება მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისთვის.
როგორც მოგეხსენებათ, აღწერები ქვეყანაში ტარდება 10 წელიწადში ერთხელ. წინა აღწერა ჩატარდა 2014 წლის ნოემბერ-დეკემბერში, სწორედ ამიტომ ტარდება აღწერა მიმდინარე წლის იმავე პერიოდში.
აღწერის ჩატარება მიმდინარე წელს გამომდინარეობს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) რეკომენდაციებიდან, რომლის მიხედვითაც ის აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო 2024 წლის ბოლომდე. აღწერის ჩატარება მიმდინარე წლის ბოლომდე გათვალისწინებულია ასევე ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების 2024 წლის სამოქმედო გეგმით.
ამასთან, აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები საქსტატმა დაიწყო 2021 წლიდან, რაც ითვალისწინებდა ციფრული კარტოგრაფიის რუკების შედგენას, მეთოდოლოგიურ სამუშაოებს, კითხვარის შემუშავებას, პროგრამული უზრუნველყოფის მომზადებას, საცხოვრებელი შენობა ნაგებობების შემოვლას და მასში ფაქტიურად მცხოვრები მოსახლეობის სიითი შემადგენლობის განსაზღვრას.
აღწერის შედეგები 2025 წლის ივნისში იქნება ხელმისაწვდომი”,- განაცხადა თოდრაძემ.

