ახალი ამბები

მეცოლა ქართველ ხალხს- არ მიგატოვებთ

ქართველ ხალხს, რომელიც ქუჩაშია ევროკავშირის დროშებით, არ მივატოვებთ – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროპული საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

,,თქვენ უნდა ელოდოთ ძლიერ სიტყვიერ სიგნალს ევროპარლამენტისგან – თქვა მაღალჩინოსანმა რამდენიმე წუთის წინ. თქვენ ნახეთ რეზოლუცია, რომელიც დავამტკიცეთ არჩევნების შესახებ, იმ წუხილებზე რომელიც გვქონდა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ არ მიატოვოს ევროპული გზა.

უკვე წლებია, ევროპულ საბჭოში დავდივარ და ერთი საკითხია, რომელიც საბჭოში მუდმივად დომინირებს: ჩვენ დავდეთ პირობა იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ევროპას უყურებენ როგორც მათ სახლს, რომ კარს არ დავხურავდით. მათ შორის შედის ქართველი ხალხიც, რომლებიც დღესაც აგრძელებს ქუჩაში გამოსვლას ევროკავშირის დროშებით ხელში. ჩვენ მათ არ მივატოვებთ, ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო პოზიცია და ეს პოზიცია გაგრძელდება 2025 წელსაც”- თქვა მან.