ახალი ამბები

თელავში საახალწლო განათებების მოწყობაზე 58 989 ლარი დაიხარჯება

თელავში საახალწლო ილუმინაციებისა და ცენტრალური ნაძვის ხის მონტაჟი მიმდინარეობს.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებს, რომელიც გარდა განათებების მონტაჟის და ნაძვის ხის აწყობისა, პასუხისმგებელია დეკორაციების მოვლა-პატრონობაზე, დაზიანებული დეტალების შეცვლასა და ჩანაცვლებაზე. კომპანიას ასევე აქვს ვალდებულება საახალწლო დღეების დასრულების შემდგომ, 17 იანვრიდან, ილუმინაციების დემონტაჟსა და დასაწყობებაზე.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სანათი ფიგურებითა და გირლანდებით ირთვება ცენტრალური მოედანი, ნადიკვარის, ბარნოვის, ქეთევან წამებულის, სააკაძის ქუჩა და ძველის ბაღის მიმდებარე ტერიტორია.

კომპანია ასრულებს ასევე ქალაქის ცენტრალური ნაძვის ხისა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში, 11 მეტრიანი ნაძვის ხის მონტაჟისა და დემონტაჟის სამუშაოებს. სამუშაოების ღირებულება 58 989,13 ლარს შეადგენს.