ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენი განცხადებას ავრცელებს.

ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ქართველ ხალხს:

“ამერიკის შეერთებული შტატები ოცდათორმეტ წელზე მეტია საქართველოსა და ქართველი ხალხის პარტნიორია. ჩვენი პარტნიორობა ემყარება თავისუფლებისა და დემოკრატიის სიყვარულს, ასევე სურვილს, საქართველო ვიხილოთ ევროატლანტიკურ ოჯახში. ჩვენ გვიმუშავია საქართველოს მთავრობებთან და ქართველ ხალხთან ერთად საქართველოს ეკონომიკის, განათლების სისტემის განვითარებისთვის, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორების გაფართოებისთვის. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია, და ჩვენი ერთგულება საქართველოს მამაცი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი რკინასავით მტკიცეა.

ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ქართული ოცნების სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიის წევრებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა, მათ შორის თვითნებური დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება, მათი კრიტიკოსების გაჩუმების მიზნით. ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადამიანებისათვის მიყენებული სერიოზული დაზიანებების შესახებ ცნობები. მშვიდობიანი შეკრების უფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის დაკავებულები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ, ხოლო ძალის უკანონო გამოყენებაზე პასუხისმგებელმა ოფიციალურმა პირებმა სრულად უნდა აგონ პასუხი.

ამერიკის შეერთებული შტატები სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ მისწრაფებებს. ისინი, ვინც ძირს უთხრიან საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს – მათ შორის, ისინი ვინც ზღუდავენ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას – აგებენ პასუხს. გარდა იმისა, რომ ვაგრძელებთ აქამდე გამოცხადებული ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას, ამერიკის შეერთებული შტატები ახლა ემზადება მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების, მათ შორის დამატებითი სანქციების გამოსაყებნებლად.” – ნათქვამია განცხადებაში