ვახუშტი მენაბდე – “სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის მანამდე პარლამენტი ვერ შეიკრიბება”
“სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის მანამდე პარლამენტი ვერ შეიკრიბება”, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალ ქსელში წერ და პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება.
“პრეზიდენტს სარჩელი შეაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში.
რას იწვევს ეს:
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის მანამდე პარლამენტი ვერ შეიკრიბება.
ნაბიჯი 1
პრეზიდენტს შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვოს არჩევნების კონსტიტუციურობის შემოწმება. რა უნდა გასაჩივრდეს სასამართლოში? ყველანი თვალს ადევნებდით საიას სარჩელს არჩევნების ფარულობასთან დაკავშირებით, რომელიც არ დააკმაყოფილეს სააპელაციო სასამართლოებმა. მოსარჩელეს შეუძლია თქვას, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ის ნორმები და მათი განმარტება, რომელზე დაყრდნობითაც საერთო სასამართლოებმა უარყვეს საიას სარჩელი, ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დაცულ საარჩევნო უფლებას და მისი 5 კომპონენტიდან სულ ცოტა 2-ს (ფარულობა და ნების თავისუფალი გამოვლენა). მნიშვნელოვანია, რომ ის ნორმები, რასაც დაეყრდნო სასამართლო, ამავდროულად არის არჩევნების მომწესრიგებელი ნორმები, უფრო კონკრეტულად ელექტრონული ხმის მიცემისა და მისი ფარულობის უზრუნველმყოფი ნორმები.
შედეგად მოსარჩელემ მოითხოვო:
ჩატარებული არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების ძალადაკარგულად ცნობას; ჩატარებული არჩევნების შედეგების ელექტრონული ნაწილის ბათილად ცნობას, რადგან სადავო ნორმებმა და მისმა საერთო სასამართლოსეულმა განმარტებამ არსებითი და გადამწყვეტი გავლენა მოახდინა არჩევნებზე და მათი არარსებობის შემთხვევაში დადგებოდა არსებულისაგან განსხვავებული შედეგი (ანუ არჩევნები ბათილად იქნებოდა ცნობილი და ჩატარდებოდა ხელახალი არჩევნები). პრეზიდენტმა ასევე ახსენა არჩევნების საყოველთაობის პრინციპი, ემიგრანტების ხმის უფლების კონტექსტში.
ნაბიჯი 2
პარლამენტის პირველ სხდომაზე იქმნება დროებითი სამანდატო კომისია, რომელიც ცესკოს მიერ გადაცემული დოკუმენტაციის საფუძველზე მოხსენებას წარუდგენს პარლამენტს, რაზე დაყრდნობითაც დგება იმ დეპუტატების სია, რომელთა უფლებამოსილებაც უნდა ცნოს უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ. სიაში არ შეიტანება ის, ვისი დეპუტატად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო ან საერთო სასამართლოში. იმისთვის, რომ პარლამენტმა საკუთარი უფლებამოსილება ცნოს, საჭიროა ამ სიაში 100 პირი მაინც იყოს. თუ უფლებამოსილებაცნობილ დეპუტატთა რაოდენობა 100-ზე ნაკლებია, პლენარული სხდომა წყდება და ხელახლა მოიწვევა მას შემდეგ, რაც შესაძლებელი გახდება ამ რიცხვის შევსება.
ვადები და შეჯამება
პრეზიდენტი სარჩელს ხვალ შეიტანს. საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. სარჩელი რომც არ დაკმაყოფილდეს (ამის მოლოდინი არ მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო კონტროლდება ოცნების მიერ), პროცესმა დაახლოებით ერთი თვე შეიძლება მოიგოს, რადგან პარლამენტის შეკრების დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში წამოწყებული დავა, სავარაუდოდ, დასრულებული არ იქნება. პარლამენტის შეკრებისას სარჩელის შეტანიდან დაახლოებით ერთი კვირა იქნება გასული. ერთ კვირაში კი სასამართლო ვერ შეძლებს სარჩელის საქმის ჯერ დასაშვებობის, შემდეგ კი არსებითი განხილვასა და გადაწყვეტას. ამას რამდენიმე კვირა დასჭირდება. სანამ საქმე საკონსტიტუციოში იქნება, პარლამენტი ვერ ცნობს საკუთარ უფლებამოსილებას. რეგლამენტის მიხედვით მას არავითარი დისკრეცია არ აქვს. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს არ შეუძლია ცნოს იმ დეპუტატების უფლებამოსილება, ვისი არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში, ხოლო თუ მათი რაოდენობა 51-ზე მეტია, საკანონმდებლო ორგანო სრულ უფლებამოსილებას ვერ იძენს. ზემოთ აღწერილი სარჩელის შემთხვევაში კი 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერებაა გასაჩივრებული”, – წერს მენაბდე.