ახალი ამბები

როგორ მუშაობს შეშით დახმარების პროგრამა თელავში და ვის შეუძლია ისარგებლოს

წლებია მუნიციპალიტეტებში შეშით დახმარების პროგრამა მოქმედებს. დროთა განმავლობაში მასში ცვლილებები შევიდა და ზოგ მუნიციპალიტეტში კი გაუქმდა.

მოქალაქეების თქმით, ისინი სრულყოფილად არ ფლობენ ინფორმაციას როგორ შეუძლიათ ისარგებლონ შეშით დახმარების პროგრამით, რადგან მათ ამ კუთხით ინფორმაციას არავინ აწვდით.

,,სოციალურად დაუცველი ვარ, ბუნებრივი აირი არ მაქვს შეყვანილი სახლში და ვერც შეშას ვყიდულობ ხოლმე ღუმელისთვის, რომ გავთბეთ. გავიგე რომ წლებია მუშაობს შეშით დახმარების პროგრამა მუნიციპალიტეტში და არ ვიცი ვის მივმართო’’,- განაცხადა knews.ge-სთან საუბრისას თელავში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

როგორ მუშაობს შეშით დახმარების პროგრამა თელავსა და გურჯაანში, ამ საკითხზე Knews.ge-მ კითხვით თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტების მერიებს მიმართა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ რამდენიმე წელია აღნიშნული პროგრამა გაუქმებულია, თელავის მუნიციპალიტეტში კი აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის მერია 19 სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამას ახორციელებს, მათ შორის არის შეშით დახმარების პროგრამა, რომლითაც ბენეფიციარები აქტიურად სარგებლობენ.

მუნიციპალიტეტებში აცხადებენ, რომ პროგრამაში ჩართვის მსურველმა პირებმა უნდა უწყებას უნდა მიმართონ განცხადებით.

,,თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე ეტაპზე 19 სოციალურ საკითხთა და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაა მოქმედი, რომლითაც ჯამურად 5 428 ბენეფიციარი სარგებლობს. ზამთრის სეზონზე ოჯახების სათბობით უზრუნველყოფად დაფინანსების ქვეპროგრამა მოქმედებას ყოველი წლის აგვისტოდან იწყებს და ბიუჯეტი 300 000 ლარს შეადგენს. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ 0-100 000 ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს. დაფინანსების ოდენობა ერთ ოჯახზე 100 ლარს შეადგენს და შესაძლებელია როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის დაფინანსება. თანხა განცხადების წარმომდგენ პირს ანგარიშზე ერიცხება. ანუ მერია ასე შეშას არ გასცემს პირადად ვინმეზე, თუმცა მერიას ყავს კეთილმოწყობის სამსახური და როცა ხდება გადაბელვა, საფრთხის შემცველი ხეების ან გამხმარი ხეების მოჭრა, ეს გადაეცემათ ხოლმე ასევე სოციალურად დაუცველებს’’,- განუცხადეს knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.