ახალი ამბები

წიგნის 19 გამომცემლობა „საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას“ ტოვებს

წიგნის 19 გამომცემლობა „საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას“ ტოვებს და მიზეზად ასოციაციის მიერ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას ასახელებს.

ამის შესახებ გამომცემლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ასოციაციამ გადაწყვეტილება წევრებთან შეუთანხმებლად მიიღო. როგორც ისინი განმარტავენ, „სიტყვის თავისუფლების შემზღუდავი კანონები მათთვის მიუღებელია“.

განცხადებას ხელს აწერენ: „პალიტრა L“; „ბიბლუსი“; „ინტელექტი“; „არტანუჯი“; „ინდიგო“; „ზიარი“; „ზებრა“; „მედუზა“; „პეგასი“; „ბუქმანია“; „ბუქმარკი – წიგნები ვაკეში“; „საბა“; „ალონი“; წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუა“; „ლაზარე“; „რასთი კომიქს“; „ელვა.ჯი“; „ელვა იმპორტი“; „კავკასია“.

„2024 წლის 29 აგვისტოს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება ასოციაციის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირების შესახებ.

ეს გადაწყვეტილება გამგეობამ, მისმა თავმჯდომარემ თამარ ლებანიძემ და ასოციაციის დირექტორმა მიიღეს ასოციაციის წევრებთან შეუთანხმებლად.

დარეგისტრირება ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია, ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხის ამ ფორმით გადაწყვეტა კი მმართველობის ის ფორმაა, რომელიც დაუშვებელია წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციაში.

სამწუხაროდ, წესდებაში არსებული ხარვეზების გამო ვერ შევძელით ქმედითი ზომების მიღება ასოციაციის შიგნით, ხოლო რამდენიმეთვიანი ძალისხმევის მიუხედავად თავმჯდომარესთან, თამარ ლებანიძესთან, და დირექტორთან, დალი ბაგრატიონ-გრუზინსკისთან, კონსტრუქციული დიალოგი ვერ მოხერხდა.

ვინაიდან წევრების ინტერესები აღარ არის გათვალისწინებული და მმართველი რგოლი უჩვენოდ იღებს ჩვენთვის დამაზიანებელ გადაწყვეტილებებს, აღარ გვსურს ვიყოთ ამ ორგანიზაციის წევრები. ამიტომ ვიღებთ ჩვენთვის უმძიმეს გადაწყვეტილებას და ვტოვებთ ასოციაციას, რომელსაც ბევრი ჩვენგანი მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა.

ბევრს შეიძლება გახსოვთ, რომ მაისის ფესტივალის დროს სწორედ ამ სცენიდან გამოვთქვით პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ. ახლა საქმითაც ვადასტურებთ, რომ ეს და სიტყვის თავისუფლების შემზღუდავი სხვა კანონები მიუღებელია ჩვენთვის.

ჩვენ არც გაყალბებულ არჩევნებს ვაღიარებთ და ერთად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას. საქართველოს გამომცემლებისათვის ყოველთვის მთავარი ღირებულება იქნება თავისუფალი სიტყვა და მომავალშიც მხარდამხარ დავდგებით ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების დასაცავად და წიგნიერების გასაზრდელად”, – ნათქვამია განცხადებაში.