სეზონის გახსნიდან 2 თვეში, კახეთში, უკანონო ნადირობის 12 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან ორ თვეში უკანონო ნადირობის 400 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 96 ფაქტი დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში. 12 სამართალდარღვევაა გამოვლენილი კახეთში.
„გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 382 აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობის ფაქტებია. 18 შემთხვევაში სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ, ბრაკონიერებმა უკანონოდ მოინადირეს 27 ერთეული მწყერი.
ნადირობის სეზონის დაწყებიდან 2 თვეში ამოღებულია 381 ერთეული ფრინველის მოსაზიდი ხელნაკეთი ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა.
უკანონო ნადირობის ფაქტების გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, ნადირობის სეზონის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.