„ყვარლის ბაგამ“ ფერმა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვა
„ყვარლის ბაგამ“ მსხვილფეხა საქონლის ფერმერული მეურნეობა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვა.
ფერმაში ჰოლშტეინის ჯიშის 3200 ძროხაა და ყოველდღიურად 45 000 ლიტრი რძე იწარმოება. 450 ჰა მიწის ნაკვეთზე განთავსებულია კომბინირებული საკვების ახალი საწარმო, ასევ, რძის გადამმუშავებელი საწარმო.
კომპანიის დამფუძნებლის, ლაშა პაპაშვილის განცხადებით, თანამედროვე სტანდარტების მასშტაბური ფერმის მოწყობა სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე რთულია; შესაბამისად, სუბსიდირების პრაქტიკა მსოფლიოშია დანერგილია.
,,2013 წლიდან დღემდე, მესაქონლეობის, რძის გადამუშავებისა და მებაღეობის განვითარების, ასევე სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის შესყიდვის მიზნობრიობით შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით ისარგებლა; კომპანია ასევე სარგებლობს თანადაფინანსების პროგრამებით: „დანერგე მომავალი“, „სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ და „მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა“.
„ყვარლის ბაგა“ ებრაული მოდელის ფერმაა, რომელიც 10 წლის წინ შეიქმნა. თანამედროვე სტანდარტების ფერმაში 30 მილიონი დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული. ფერმაში 150-მდე ადგილობრივია დასაქმებული. ფერმის ძირითადი მომხმარებელი უმსხვილესი გადამმუშავებლები: „რძის ლაბორატორია“, „სანტე“, „სოფლის ნობათი“ და „აგროჰაბი“ არიან.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 400-ზე მეტი მცირე ფერმერი დაფინანსდა რძის პირველადი წარმოების მიმართულებით.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ უფრო მეტი ფერმის შექმნას, რაც მოგვცემს საშუალებას, ვაწარმოოთ მეტი რძე და ქვეყანაში ყოველწლიურად გავაუმჯობესოთ თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი. წელს სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ ახალი პროგრამის განხორციელება, რომლის ფარგლებში უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვთ ფერმერებს – 7 წლის განმავლობაში ჩვენ სესხის საპროცენტო განაკვეთს ვაფინანსებთ შესაბამისი სტანდარტების ფერმის მოწყობის ხარჯებისთვის. ამ ეტაპისთვის დადასტურებული გვაქვს და დაწყებულია დაახლოებით 25 მილიონის ინვესტიცია. ველოდებით, რომ გვექნება დიდი დაინტერესება. ამავდროულად, ვეხმარებით მცირე ფერმერულ მეურნეობებს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში 400-ზე მეტი მცირე ფერმერი დავაფინანსეთ რძის პირველადი წარმოების მიმართულებით, რათა მათ ააშენონ შესაბამისი სადგომები ან რეკონსტრუქცია გააკეთონ, შესაბამისი აღჭურვილობა იყიდონ. ეს ყველაფერი მომავალ წლებში ჩვენ კარგ შედეგებს მოგვცემს როგორც რძის წარმოების, ისე ხორცის წარმოების მიმართულებით“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.