საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი გაიზარდა
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ოქტომბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ გაიზარდა.
ჯამში შემწეობა გასულ თვეში 684 432 პირმა მიიღო, მათგან თითქმის 230 ათასი დასაქმების სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული და სტატუსი ოთხი წლის განმავლობაში უცვლელად უნარჩუნდებათ. ოქტომბერში ამ ადამიანებზე ჯამში 70 მლნ ლარამდე დაიხარჯა აქ შედის როგორც საარსებო შემწეობის გაცემა, ასევე სახელმწიფო დასაქმების პროგრამის ფარგლებში გადარიცხული თანხა.
სექტემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა თითქმის 2 ათასით 682 738-მდე გაიზარდა.
საქართველოში საარსებო შემწეობის პროგრამა ფინანსურად ეხმარება ყველაზე ღარიბ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 120 001-ზე ნაკლებია. სარეიტინგო ქულას განსაზღვრავს სოციალური მომსახურების სააგენტო და ის ასახავს ოჯახის შემოსავალსა და ქონებას. მას შემდეგ რაც მთავრობამ საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა აამოქმედა, იმ პირებს, რომლებიც ამ პროგრამაში არიან ჩართულნი, სააგენტო აღარ ამოწმებს და სტატუსი ოთხი წლის განმავლობაში უცვლელად უნარჩუნდებათ.