ახალი ამბები

თელავის სპორტის სასახლის პროექტისთვის 22 მლნ ლარი გამოიყო

თელავის სპორტის სასახლის პროექტისთვის 22 მლნ ლარი გამოიყო.

პროექტი ირაკლი კობახიძემ დაათვალიერა. მისი თქმით, იყო გარკვეული სამართლებრივი პრობლემები, რომელიც სრულად არის მოგვარებული და სპორტული კომპლექსი უახლოეს მომავალში გაიხსნება.

„ეს კომპლექსი აშენდა, თუმცა იყო გარკვეული სამართლებრივი პრობლემები. დღეს უკვე ეს პრობლემები სრულად არის მოგვარებული და უახლოეს მომავალში ეს კომპლექსი გაიხსნება და იქნება ხელმისაწვდომი თელაველებისთვის. ვიდრე საბოლოოდ გაიხსნება ეს კომპლექსი, გარკვეული სამუშაოები ჩატარდება, თუმცა, ამას დიდი დრო არ დასჭირდება. ჩვენი სურვილია, რომ კიდევ უფრო მეტად გავაფართოოთ თელავში სპორტული ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა მან.

მულტიფუნქციური სპორტის სასახლის პროექტისთვის 22 მილიონ ლარამდე გამოიყო. სამუშაოები კანადურმა კომპანია „ბეჰლენმა“ შეასრულა. კომპლექსი მოიცავს დიდ და პატარა დარბაზს, რომლებიც 2000 მაყურებელზეა გათვლილი, გასახდელებს, ადმინისტრაციულ სივრცეებს. კომპლექსი ამ ეტაპზე შპს „სპორტმშენსერვისის“ დაქვემდებარებაშია.

კომპლექსი აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. სპორტის სასახლეში შესაძლებელია სპორტის სხვადასხვა სახეობაში, მათ შორის კალათბურთში, ფუტსალში, ფრენბურთში, ხელბურთში, კარატეში, ძიუდოში, ჭიდაობასა და ტანვარჯიშში საერთაშორისო ტურნირების, ევროპისა და მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატების გამართვა.