ახალი ამბები

კახეთში ნავთობისა და გაზის მოპოვებისთვის მთავრობა საერთაშორისო ინვესტორს ეძებს

ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა.

ეკონომიკის სამინისტროს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ ტენდერი დედოფლისწყაროში მდებარე XII ბლოკზე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2025 წლის 27 იანვარს 17:00 საათზე დასრულდება და იმავე დღის 18:00 საათზე გამარჯვებული კომპანიაც გამოვლინდება.

„საქართველოს სახელმწიფო წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს სახით, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის და „ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების“ თანახმად, 2024 წლის 24 ოქტომბერს აცხადებს ღია საერთაშორისო ტენდერს ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად XII სალიცენზიო ბლოკზე.

სააგენტოს უფროსის სახელზე წამოდგენილი წერილობითი განცხადების საფუძველზე, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ საინფორმაციო პაკეტი სახელშეკრულებო ფართობისა და ტენდერის პირობების შესახებ. საინფორმაციო პაკეტის გაცემა დაიწყება მიმდინარე წლის 11 ნოემბრიდან. საინფორმაციო პაკეტი გაიცემა უფასოდ, ელექტრონული ვერსიის სახით CD-ზე ან/და ელექტრონული საფოსტო ყუთიდან საინფორმაციო პაკეტის ჩამოტვირთვის გზით. ტენდერში მონაწილეობის მსურველებს უნდა ქონდეთ ნავთობის და გაზის ძებნა-ძიების მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.

საინფორმაციო პაკეტი მოიცავს:

ა) სალიცენზიო ფართობს, ადგილმდებარეობასა და კოორდინატებს;

ბ) ხელშეკრულების ნიმუშს თითოეული სახელშეკრულებო ფართობისთვის;

გ) მინიმალურ სავალდებულო ფინანსურ და ტექნიკურ მოთხოვნებს ყოველი სახელშეკრულებო ფართობისთვის;

დ) ლიცენზიის გაცემისა და ხელშეკრულების გაფორმების გრაფიკს;

ე) განაცხადის შეტანის ინსტრუქციებს ტენდერში მონაწილეებისათვის, მონაწილეობის შენატანის ოდენობისა და მისი გადახდის ფორმის ჩათვლით“, – ნათქვამია სატენდერო ინფორმაციაში.