ახალი ამბები

ჰერჩინსკი – ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი პრესკონფერენციით გამოეხმაურა ყოველწლიური გაფართოების ანგარიშს, რომელიც ევროკომისიამ 30 ოქტომბერს გამოაქვეყნა და რომლის თანახმადაც, ევროკომისია არ აპირებს, საქართველოსთან ევროკავშირში შესვლის მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცეს.

მისი განცხადებით, ერთი წლის თავზე, რაც ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭებას და ეს რეკომენდაცია ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთხმად დაადასტურეს, „საზეიმო ბევრი აღარაფერი“ დარჩა:

„საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ის შეჩერებული იქნება მანამდე, სანამ საქართველო ევროკავშირისგან, ჩვენი ღირებულებებისა და ჩვენი პრინციპებისგან დაშორებას გააგრძელებს.
დღევანდელი ანგარიში ბოლო 12 თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენების სამართლიან შეფასებას წარმოადგენს. ის მიღწეულ ტექნიკურ წინსვლასაც აღიარებს. მაგალითად, პირველი: ენერგეტიკის სექტორში ნაწილობრივ დაიწყო ბაზრის დიდი ხნით გადადებული გახსნა, მეორე: აღინიშნა მზაობა რეფორმების მიმართულებით გარემოს დაცვის, კლიმატის და ნარჩენების მართვის სფეროებში, მესამე: სახელმწიფო შესყიდვების კუთხით მოვლენების განვითარება მნიშვნელოვანი იყო.
ვისურვებდი, რომ მეტი ასეთი პოზიტიური მიღწევების შესახებ საუბარი შემეძლოს. სამწუხაროდ, მიღწევები დაჩრდილა შემაშფოთებელმა დემოკრატიულმა უკუსვლამ, ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულმა მტრულმა ნარატივებმა და დეზინფორმაციამ.
საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმებოდა ცხრა ნაბიჯი, ძირითადად – კანონის უზენაესობასა და დემოკრატიასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ იყო საკმარისი პოლიტიკური მზაობა აუცილებელი რეფორმების განსახორციელებლად“,
– აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში.

მისივე თქმით, გასული წლის შემდეგ, დღევანდელი ანგარიში მიუთითებს აშკარა უკუსვლაზე დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლასთან, პოლიტიკურ პოლარიზაციასთან, არჩევნებთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ნაბიჯებთან მიმართებაში:

„უკუსვლა მოხდა იმ სფეროში, რომელსაც ეხება ყველაზე მნიშვნელოვანი თავი – სასამართლო სისტემა და ადამიანის უფლებები. ნება მიბოძეთ ვთქვა, რომ ეს უპრეცედენტოა ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის.
ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული და დამსახურებაზე დაფუძნებული დარჩება. ის სრულად დამოკიდებულია თითოეული ქვეყნის მიერ მიღწეულ ობიექტურ წინსვლაზე. წელს საქართველომ უკან დაიხია, ხოლო სხვა კანდიდატმა ქვეყნებმა წინ წაიწიეს. რამდენიმე მათგანმა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნა“.

პაველ ჰერჩინსკი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს საქართველოში სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე და აცხადებს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევები დროულად უნდა იქნეს გამოძიებული:

„გამოძიება სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად უნდა მოხდეს. საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო. საპირისპიროც არ უთქვამთ. ამიტომ ეს გამოძიება სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს.
რა იქნება შემდეგი. ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავალი ახლა საქართველოს ლიდერების ხელშია. ვთავაზობ ხელისუფლებას, ყურადღებით წაიკითხოს გაფართოების შესახებ ამ ანგარიშის 103 გვერდი. ის გვთავაზობს მკაფიო გზას ხელახალი ჩართულობისკენ და გზამკვლევს ევროკავშირში საქართველოს შესაძლო წევრობისკენ. მაგრამ მისი განხორციელება ჭეშმარიტ პოლიტიკურ ნებას მოითხოვს და ასევე დაბრუნებას იმ ღირებულებებისკენ, რომელიც არ განიხილება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
გაფართოების პროცესი დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია და საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში წაიწევს წინ ევროკავშირის გზაზე, თუ რეფორმებს განახორციელებს. საქართველოს მომავალმა მთავრობამ უნდა შეცვალოს კურსი, დაუბრუნდეს დემოკრატიულ პრინციპებსა და ღირებულებებს და ეს უნდა დაიწყოს გამჭვირვალეობით საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით.
ევროკავშირის კარი კვლავ ღია რჩება საქართველოსთვის. გულწრფელად მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება პატივს სცემს საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებს, რომელიც საქართველოს ევროპულ გზას ყოველთვის მხარს უჭერდა. ნუ დაკარგავთ იმედს!“
– განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.