ახალი ამბები

2025 წლიდან პარლამენტის წევრთა ანაზღაურება თვეში 9-დან 12 ათასის ფარგლებში იქნება

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის მიხედვით, 2025 წლის 1-ლი იანვრიდან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო იზრდება. იმ თანამდებობის პირებს შორის, ვისი სარგოც იმატებს, პარლამენტის თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, კომიტეტის თავმჯდომარე მოადგილეებით და პარლამენტის წევრებიც არიან.

ინფორმაციისთვის, პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის თანამდებობრივი სარგო კოეფიციენტების მიხედვით განისაზღვრება. მაგალითისთვის, ყველაზე მაღალი 10 კოეფიციენტით შეფასებულია პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის სარგო. კონკრეტულად საკანონმდებლო ორგანოს რაც შეეხება, ყველაზე დაბალი 8 კოეფიციენტი განსაზღვრულია პარლამენტის წევრების გასამრჯელოზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ კოეფიციენტებით ხელფასების გამოთვლა პირდაპირ დაკავშირებულია საბაზო თანამდებობრივ სარგოსთან. კერძოდ, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ვკითხულობთ, რომ კოეფიციენტებით სარგოს გამოთვლა შესაბამისი წლის საბაზო თანამდებობრივი სარგოს მიხედვით უნდა მოხდეს.

2025 წლის ბიუჯეტის პროექტში ვკითხულობთ, რომ „საბაზო თანამდებობრივი სარგო 2024 წელთან შედარებით იზრდება 10%-ით და განისაზღვრება 1 460 ლარის ოდენობით.