ახალი ამბები

გურჯაანში ბასკეთის გასტრონომიული აკადემია სტუდენტებს შემოდგომაზე მიიღებს

გურჯაანში კავკასიის უნივერსიტეტის და ბასკეთის კულინარიული ცენტრის ერთობლივი თანამშრომლობით, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. აკადემია პირველ სტუდენტებს 2025 წლის შემოდგომაზე მიიღებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ პროექტის ინიციატორმა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა განუცხადა, სასწავლო პროგრამები უკვე დამუშავებულია და ამ ეტაპზე, ლექტორების გადამზადება მიმდინარეობს.

“გურჯაანში, ბასკეთის გასტრონომიული აკადემიის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, დაგვიანების საფრთხე არ ჩანს და 2025 წლის ზაფხულის დასაწყისში მშენებლობა სრულად დასრულებული იქნება. კულინარიული ცენტრის მიზანი არის, რომ საშემოდგომო სემესტრში უკვე სტუდენტები მიიღოს. პარალელურად მიმდინარეობს ლექტორების გადამზადება. სასწავლო პროგრამები უკვე დამუშავებული და აკადემიური ნაწილი გეგმის მიხედვით მიდის. ეს იქნება 400 მოსწავლეზე გათვლილი აკადემია, საიდანაც 15% უცხოელი სტუდენტი უნდა იყოს. გარდა ამისა, პროექტში გათვალისწინებულია საერთო საცხოვრებელიც, რომელიც ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს. პროექტის ბიუჯეტი 17 მლნ. ლარია“, – აცხადებს დავით სონღულაშვილი.

შეგახსენებთ, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობა 2022 წელს დაანონსდა. პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 17 მლნ ლარია.
რაც შეეხება ბასკური კულინარიის ცენტრს, სან სებასტიანში 2011 წელს დაარსდა. ის ერთ-ერთი საუკეთესო გასტრონომიული სკოლაა მსოფლიოში, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული სტუდენტები განათლებას იღებენ და სწავლის დასრულების შემდეგ, გასტრონომიულ სფეროში გლობალურ ასპარეზზე წარმატებულად საქმიანობენ.