დარღვევები გამოვლინდა გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცესში თელავში
საია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღის მონიტორინგის ფარგლებში, გაგაცნობთ არჩევნების მიმდინარეობის შესახებ 15:00 საათისთვის არსებულ ძირითად ტენდენციებს. საიას დამკვირვებლებელთა ინფორმაციებზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ საარჩევნო გარემოსა და დარღვევების შესახებ არსებულ მონაცემებს, რომლებიც კენჭისყრის მიმდინარეობის დროს საარჩევნო უბნებსა და გარე პერიმეტრებზე გამოვლინდა.
15:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო პროცესი კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევებით გრძელდება. გამოვლინდა ამომრჩევლის ხმის ფარულობის დარღვევის, დამკვირვებლებისა და მედიისთვის საქმიანობაში ხელშეშლის და აგიტაციის ფაქტები, რაც არღვევს არჩევნების სამართლიან და უსაფრთხო გარემოში ჩატარების პრინციპს.
საიას დამკვირვებლებმა ამ ეტაპისთვის, საერთო ჯამში, ჩანაწერთა წიგნში დააფიქსირეს 27 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში 23, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე – 11 საჩივარი.
უბნების შიგნით და პერიმეტრზე გრძელდება ამომრჩეველთა აღრიცხვა. გარდა ამისა, საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, ბათუმის 34-ე უბნის პერიმეტრზე შეინიშნება მიკროავტობუსით მარკირებული პირების მოყვანის ფაქტი.
თელავის ოლქის 29-ე საარჩევნო უბნიდან გადასატანი საარჩევნო ყუთს, წილისყრით განაწილებული პირების ნაცვლად, არაუფლებამოსილი პირები გაჰყვნენ. ამ დროისთვის ვერ ხერხდება მათთან დაკავშირება.