ახალი ამბები

სოფელ კაბალში, მე-15 საარჩევნო უბანზე ხმაური და დაპირისპირება იყო

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, მე-15 საარჩევნო უბანზე ხმაური და დაპირისპირება იყო.

ხმაური კი მას შემდეგ დაიწყო, რაც უბნის კომისიის თავმჯდომარე მურად სარდაროვმა საარჩევნო უბანზე მისულ ერთ – ერთ ამომრჩეველს პირადობის მოწმობა გამოართვა. ეს ფაქტი დარღვევად შეაფასეს სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა.

მომხდართან დაკავშირებით სადამკვირვებლო მისია „თავისუფალი ხმის“ წარმომადგენელმა ანა კოპაძემ უბანზე საჩივარი დაწერა.

აღნიშნულ უბანზე „ქართული ოცნებიდან“ კომისიის წევრმა კი განმარტა, რომ ერთ- ერთმა ამომრჩეველმა თავად სთხოვა დახმარება.

„არ ვიზიარებ ბრალდებებს, რადგან პირადობის მოწმობა მომაწოდა მოქალაქემ, რომელ უბანზე უნდა მივცე ხმა არ ვიციო. მხოლოდ ამას ვაკეთებდი. ცესკოს საიტზე შევედი და დავადგინე, რომ ამ უბნის ამომრჩეველი არ იყო, სულ ეს იყო”, – განაცხადა მურად სარდაროვმა.