არჩევნებს 24 700 დამკვირვებელი დააკვირდება
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი და ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი დააკვირდება, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
ცესკოს ცნობით, საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს გააშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.
“ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს, ხელი შეუწყონ არჩევნების დაკვირვების და გაშუქების უმნიშვნელოვანეს პროცესს, კანონით დადგენილი წესების ზედმიწევნით დაცვით. ამასთან, მოუწოდებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დაიცვან კანონმდებლობა, არ ჩაერიონ კომისიების ფუნქციებსა და საქმიანობაში და ამით ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და პროფესიულ გარემოში ჩატარებას. საარჩევნო ადმინისტრაცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში და საქმიანობაში ჩარევის ან ხელის შეშლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართავს კანონით დადგენილ მექანიზმებს”, – განაცხადა კალანდარიშვილმა.