საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. კახეთის რეგიონში საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა.
საპარლამენტო არჩევნები, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება. საუბარია ორ მოწყობილობაზე, ესენია: საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრაციისა და ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატები. მოწყობილობები ითვალისწინებს უსაფრთხოების ყველა ნორმას, მაგალითად, მასში ჩამონტაჟებულია ელემენტი, რომელიც ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში, მის შეუფერხებელ მუშაობას უზრუნველყოფს.
არჩევნები გამორჩეულია იმითაც, რომ ამომრჩევლის 89% ხმას სპეციალური ელექტრონული აპარატების დახმარებით მისცემს, დარჩენილი 11% კი ტრადიციული მეთოდით.
26 ოქტომბრის არჩევნებზე, ჯამში, 3111 საარჩევნო უბანი გაიხსნება, აქედან 3044 – საქართველოში. 67 საარჩევნო უბანი გახსნილია საზღვარგარეთ – 42 ქვეყნის 53 ქალაქში.
კახეთის რეგიონში, სულ 256 საარჩევნო უბანია. აქედან, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები 175, ხოლო ტრადიციული მეთოდით 81 უბანზე ჩატარდება.
რაც შეეხება ამომრჩეველთა რაოდენობას, მიმდინარე წლის 14 ოქტომბრის მდგომარეობით რეგიონის 8 საარჩევნო ოლქში 294 844 ამომრჩეველია დარეგისტრირებული.
ყველაზე მეტი საარჩევნო უბანი, სადაც არჩევნები ტრადიციული მეთოდით ტარდება, საგარეჯოს მუნიციპალიტეტშია, ხოლო ყველაზე ნაკლები უბანი კი, ახმეტის მუნიციპალიტეტში. არჩევნები ძველი ტექნოლოგიებით ტარდება იმ დასახლებულ პუნქტებში, რომლებიც საოლქო საარჩევნო კომისიიდან დაშორებულია არაუმეტეს 20 კილომეტრისა.