რა მნიშვნელობა აქვს არჩევნებში ახალგაზრდების ჩართულობას
26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, რომელიც, როგორც სპეციალისტები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, სხვა არჩევნებისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩევა.
მათი თქმით, სწორედ ეს არჩევნები გადაწყვეტს, ქვეყანა გააგრძელებს თუ არა ევროპისკენ სვლას. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ წლებია საქართველოში ყველა არჩევნებს წინ უსწრებს სხვადასხვა სახის დეზინფორმაციული კამპანიები, რომელიც გათვლილია იმაზე, რომ მოქალაქეების, და მათ შორის ახალგაზრდების ნდობა იყოს დაბალი, საარჩევნო პროცესების მიმართ. ასევე, მისი მიზანია, რომ არ იაქტიურონ მოქალაქეებმა არჩევნებზე, რაც თავსთავად, აისახება არჩევნების შედეგებზე.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამოქალაქო დარბაზის” წარმომადგენელი, სამოქალაქო აქტივისტი ალექსანდრე ქავთარაძე აცხადებს, რომ დეზინფორმაციული კამპანია ბოლო ერთი წელია განსაკუთრებით არის გააქტიურებული. ალექსანდრე განმარტავს, რომ ამის საპირწონედ, არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ცდილობენ მეტი მოქალაქის ინფორმირებას არჩევნებთან, ევროინტეგრაციასთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
,,დეზინფომაციის კამპანია წინასაარჩევნო პერიოდამდე დაიწყო. ეს პროპაგანდა განსაკუთრებთ გააქტიურებულია ბოლო ერთი წელია, მაგრამ მანამდეც, ამისი ნიშნები იყო. ახლა ეს კამპანია უკვე გადამწყვეტ ფაზაშია შესული. ამის საპირწონედ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში, საბედნიეროდ, არიან ორგანიზაციები, ინსტიტუციები, რომლებიც აქტიურად ცდილობენ ამ დეზინფორმაციულ კამპანიას დაუპირისპირდნენ ფაქტებით. ისინი ცდილობენ უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდებით საზოგადოებისთვის, ევროპის, ევროინტეგრაციის შესახებ და იმაზე თუ როგორი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროინტეგრაციას ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ვიცით სხვა გზა საით წაგვიყვანს.
ისინი ცდილობენ საზოგადოებისთვის უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდებით, ნათელი გახდეს ევროპის, ევროინტეგრაციის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, ასევე, როგორი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროინტეგრაციას ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ვიცით სხვა გზა საით წაგვიყვანს. ეს გზა კი სახელმწიფოებრიობის დაკარგვისკენ არის მიმართული. ამიტომ არის მნიშვნელოვანი 26 ოქტომბრის არჩევნები და ეს ზუსტად მიბმულია ევროინტეგრაციის გზაზე”,- განაცხადა Knews.ge-სთან საუბრისას ალექსანდრე ქავთარაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამოქალაქო დარბაზი”, საქართველოში და მათ შორის კახეთის რეგიონში, აქტიურად მუშაობს. ორგანიზაციის წარმომადგენლები მჭიდროდ თანამშრომლობენ მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან, ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს მოსახლეობის ინფორმირებისთვის. ალექსანდრე ქავთარაძე განმარტავს, რომ წინა წლებთან შედარებით, ახალგაზრდების ჩართულობა სხვადასხვა მიმდინარე პროცესებში გაზრდილია.
სწორედ ამიტომ, ალექსანდრე ფიქრობს, რომ 26 ოქტომბერს არჩევნებზე ხმის მისაცემად ახალგაზრდების საკმაოდ დიდი რაოდენობა მივა.
,,ბოლო პერიოდია, ახალგაზრდების აქტიურობა სხვადასხვა მიმართულებით გაზრდილია. აქედან გამომდინარე ეს მაფიქრებინებს, რომ ამ არჩევნებზე ახალგაზრდების უპრეცენდენტო რაოდენობა მივა და დააფიქსირებს საკუთარ აზრს. ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს ახალგზრდებთან და ისინი უკვე ჩართულები არიან წინასაარჩევნო კამპანიაში, თუნდაც საკუთარი ქალაქის, სოფლის, დაბის თუ ქალაქის მცხოვრებლების ინფორმირებით, საკუთარი ახლობლების ინფორმირებით, რომ ყველა მიიყვანონ არჩევნებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია”,- აცხადებს ალექსანდრე.
ის ასევე განმარტავს, რომ ახალგაზრდების აქტიურობამ რეფერენდუმისა თუ არჩევნების ბედი შესაძლოა გადაწყვიტოს, რომელიც შემდეგ ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს.
,,არჩევნებში ყველას ჩართულობა მნიშვნელოვანია, ახალგაზრდების_ განსაკუთრებით. არის სხვადასხვა ქვეყნების მაგალითები, თუ როგორ გადაწყვიტა არჩევნების ბედი ახალგაზრდების აქტიურობამ. ამისი მაგალითია 90-იან წლებში სლოვაკეთში ჩატარებული არჩევნები, სადაც ახალგაზრდების აქტიურობამ გამოიწვია ავტორიტარული მთავრობის შეცვლა, არჩევნების გზით. ეს კარგი მაგალითია საილუსტრაციოდ, თუ რა შეიძლება ქნას აქტიურობამ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს შემთხვევაშიც ეს აქტიურობა შეასრულებს გადამწყვეტ როლს”.