ევროპული საბჭოს სხდომაზე ლიდერები საქართველოზეც იმსჯელებენ
17-18 ოქტომბერს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა იმართება, რომლის დღის წესრიგში საქართველოს საკითხიც შედის.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ ევროპული საბჭოს წევრებისთვის გაგზავნილ მოსაწვევ წერილში აღნიშნულია, რომ საბჭო საერთაშორისო ურთიერთობასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხს, მათ შორის მოლდოვასა და საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს. მიშელი აღნიშნავს, რომ ორივე ქვეყანა [მოლდოვა და საქართველო] თავიანთი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგას.
სხდომაზე დისკუსიის მთავარი თემა უკრაინა იქნება. ლიდერები ახლო აღმოსავლეთზე, მიგრაციასა და სხვა საკითხებზეც გაამახვილებენ ყურადღებას.
აღსანიშნავია, რომ როგორც Reuters-მა სამიტისთვის მომზადებულ დასკვნაზე დაყრდნობით დაწერა, ევროკავშირის ლიდერები აპირებენ გააფრთხილონ საქართველო, რომ მისი მთავრობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის გზას ევროკავშირისკენ.