გამოცემა “სარბიელმა” გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოს ნაკრების წლის საუკეთესო დებიუტანტად დაასახელა
სპორტულმა გამოცემა “სარბიელმა” გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოს ნაკრების წლის საუკეთესო დებიუტანტად დაასახელა.
აღნიშნულ საკითხზე გიორგი ქოჩორაშვილმა ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში:
,,გახარებული ვარ ეროვნული ნაკრების საუკეთესო დებიუტანტის პრიზის დაუფლებით. იმედია, ყოველწლიურად მძაფრი კონკურენცია იქნება ამ პრიზისთვის და ეროვნული ნაკრები მუდმივად მიიღებს ხარისხიან შევსებას. ძალიან მომწონს ქანდაკების ვიზუალი, საკულტო ფილმ ,,ფეოლადან” ყველასთვის საყვარელი პერსონაჟის ხვედელიძის ფიგურა. დიდი მადლობა ლევან ვარდოსანიძესა და თემურ ლომიძეს ნამუშევრისთვის.
ეს პრიზი ეკუთვნის ყველა ჩემს გულშემატკივარს: ჩემს ოჯახს, სანდრას, მწვრთნელებს, თითოეულ თანაგუნდელს და ნაკრების შტაბის თითოეულ წევრს. და რა თქმა უნდა, ჩვენს საუკეთესო გულშემატკივარს, რომლის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ!
ვულოცავ მამარდას დამსახურებული პრიზის მიღებას! დარმწუნებული ვარ, ამ ტიტულს კიდევ არაერთხელ მოიგებს, უკვე პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული უმაღლესი დონის სეზონების გამო.
ვულოცავ ბატონ მურთაზ ხურცილავას იმ ღვაწლის დაფასებას, რაც მან ქართული ფეხბურთისა და მის შემდგომ თაობებში ფეხბურთის სიყვარულის გაღვივებისთვის გააკეთა. იმედია, ჩვენი თაობა ღირსეულად გადაიბარებს უფროსი თაობების ესთაფეტას და თითოეული ბავშვისთვის ვიქნებით მაგალითი, რომ ვიყოთ მეტი ვიდრე ფეხბურთელი!
ძალიან დიდი მადლობა სარბიელსა და მის რედაქციას, ყველაზე ძველი, 1993 წლიდან არსებული და პრესტიჟული გამოკითხვის ორგანიზებისთვის. ასევე, გამოკითხვაში მონაწილე თითოეულ ჟურნალისტს. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომელთა ობიექტური კრიტიკა ძალიან საჭიროა პრობლემების შეფასებისა და განვითარებისთვის. შესაბამისად, თქვენგან ქებასა და დაფასებასაც სხვა ფასი აქვს.
წარმატება ქართულ ფეხბურთს! ძალა ჩვენშია”,- წერს ქოჩორაშვილი.
გიორგი ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში თამაშობს ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე. ის ასევე „ლევანტეს“ ფეხბურთელია. მისი დებიუტი „ლევანტეს“ ძირითად გუნდსა და ლა ლიგაში შედგა 2020 წლის 12 ივლისს. ბილბაოს „ატლეტიკთან“ შეხვედრაში ის შეცვლაზე შევიდა რუბენ როჩინას ნაცვლად. შეხვედრა „ლევანტემ“ 1–2 დათმო. „ლევანტე“ ესპანური საფეხბურთო კლუბია ქალაქ ვალენსიიდან. დაარსდა 1909 წლის 9 სექტემბერს. ასპარეზობს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ სიუდად დე ვალენსიაზე, რომელიც 25 453 მაყურებელს იტევს.
2016–2017 წლებში, ის თამაშობდა საქართველო U19 წლამდელთა ნაკრებში, 2019 წლიდან კი საქართველო U21 წლამდელთა ნაკრებში.