ვარ თუ არა საარჩევნო სიაში – როგორ შევამოწმო?
არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება და მნიშვნელოვანია იცოდე, ხარ თუ არა საარჩევნო სიაში.
ერთიან საარჩევნო სიაში საკუთარი თავის მოძებნა მარტივია, ეს შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ინტერნეტი აქვს.
მობილური ტელეფონით, ლეპტოპით, კომპიუტერითა თუ პლანშეტით უნდა შეხვიდეთ ვებგვერდზე cesko.ge ან voters.cec.gov.ge. აქვე მითითებულია საარჩევნო სიების განახლების ბოლო თარიღი.
ვებსაიტზე შესვლისას სულ ორი ველია შესავსები: პირადობის მოწმობაზე არსებული 11-ნიშნა რიცხვი და თქვენი გვარი.
ამის შემდეგ უნდა მონიშნოთ ველი „მე არ ვარ რობოტი“ და დააწკაპუნოთ ღილაკ „ძებნაზე“. თუ ხართ საარჩევნო სიაში, ვებსაიტზე გამოჩნდება თქვენი მონაცემები: სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი. აქვე შეგიძლიათ ნახოთ, სად არის ის საარჩევნო უბანი, სადაც 26 ოქტომბერს უნდა მიხვიდეთ.
თქვენივე პირადობის მოწმობით შეგიძლიათ გადაამოწმოთ თქვენი ოჯახის წევრების მონაცემები. ამისთვის თქვენი პირადი ნომრისა და გვარის ჩაწერის შემდეგ უნდა დააწკაპუნოთ წარწერაზე: „ამ მისამართზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სია“.
ამომრჩეველთა სიაში თავის გადამოწმება შესაძლებელია მობილური აპლიკაციებითაც (iOS, Android). გარდა ამისა, სიები ხელმისაწვდომია სწრაფი ჩარიცხვის აპარატებსა და იმ საარჩევნო უბანში, სადაც რეგისტრირებული ხართ.