როგორია ჰაერის ხარისხი თელავში
საქართველოში ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება ფიქსირდება, თუმცა დიდ ქალაქებთან შედარებით, ჰაერის ხარისხი თელავში დამაკმაყოფილებელია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის კონტროლის პორტალზე, ჰაერის ხარისხის კვლევის შედეგები ეტაპობრივად ვრცელდება. ქალაქ თელავში, ჰაერის ხარისხის კონტროლი ოთხ ქუჩაზე ხდება. სამი ინდიკატორული სადგურის დახმარებით, ხდება ჰაერის ხარისხის კვლევა გარკვეული პერიოდულობით. ერთი ფონური სადგურის მეშვეობით კი ხდება ჰაერის დამაბინძურებლებზე საათობრივი დაკვირვება.
ბოლო 365 დღის მონაცემების მიხედვით, 100%-დან 16% ჰაერის ხარისხი ძალიან კარგია, 44%-კარგი, 13%- დამაკმაყოფილებელი, 11%-ცუდი, 1% -ძალიან ცუდი და 16%-ის შემთხვევაში მონაცემები არ არსებობს. კვლევის მიხედვით, ქალაქ თელავში, დაფიქსირებულია ჰაერის ბენზოლით, ნახშირბადის მონოქსიდით, გოგირდის დიოქსიდით, ოზონოთ და მყარი ნაწილაკებით დაბინძურების შემთხვევები.