ჰელსინკის კომისია – „ქართული ოცნების“ მთავრობა რუსეთისკენ და არალიბერალური ორიენტაციისკენაა მიმართული
„ქართული ოცნების“ მთავრობა რუსეთისკენ და არალიბერალური ორიენტაციისკენაა მიმართული, როგორც ჩანს, გვერდი აუარა თავისი ხალხის პროდასავლურ განწყობებს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობის „პრორუსული პოზიციისკენ ეს შეტრიალება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხრეთ კავკასია სტრატეგიული დანის პირზეა და მაშინ, როცა რუსეთი ცდილობს შეინარჩუნოს თავისი კონტროლი რეგიონში რეგიონული კონფლიქტების გაღვივებით, შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა თავიანთ მიდგომას უნდა გადახედონ.
„სომხეთი, ისტორიულად რუსეთის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე, მოსკოვს შორდება. ამავდროულად, აზერბაიჯანი აძლიერებს კავშირებს რუსეთთან და აბალანსებს ამას ნატო-ს წევრ თურქეთთან და ევროკავშირთან თანამშრომლობითა და ხანგრძლივი ურთიერთობით. იმავდროულად, საქართველოს „ქართული ოცნების“ მთავრობა რუსეთისკენ და არალიბერალური ორიენტაციისკენაა მიმართული, როგორც ჩანს, გვერდი აუარა თავისი ხალხის პროდასავლურ განწყობებს. პრორუსული პოზიციისკენ ეს შეტრიალება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში აცხადებენ, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გამოიყენოს ორმაგი მიდგომა კავკასიის მიმართ.
„შეერთებულმა შტატებმა უნდა გამოიყენოს ორმაგი მიდგომა კავკასიის მიმართ, გაზარდოს ანგარიშვალდებულების ზომები დემოკრატიული უკუსვლისთვის და უზრუნველყოს მექანიზმები დასავლურ ინსტიტუტებთან უფრო ღრმა, ძლიერი ინტეგრაციისთვის. წინსვლის გზა არის ის, რაც ჩვენ ერთად უნდა დავხაზოთ“, –აღნიშნულია განცხადებაში.