2025 წელს პენსია შესაძლოა, გაიზარდოს
2025 წელს პენსია იზრდება – ამის შესახებ ვკითხულობთ მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ 2025 წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიაში.
პროექტის მიხედვით, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 540 ლარს გაუტოლდება.
70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 335 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 400 ლარს გადააჭარბებს;
გარდა ასაკობრივი პენსიისა, მომავალ წელს გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 35 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით.
ცნობისთვის, მთავრობამ პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია დღეს წარუდგინა. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 24,4 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 25,1%-ია;
ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ის 2,5%-ს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 36,8%-ის ფარგლებშია.
ზემოაღნიშნული მაჩვენებლების ფარგლებში 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 31,2 მლრდ ლარს, რომლის ფარგლებშიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები.