თუშეთის გზის ერთ-ერთი მონაკვეთის რებილიტაციაზე ტენდერი ხელახლა გამოცხადდა
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე არსებული საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების მიზნით ჩასატარებელი სამუშაოებისთვის ლოტი II-ზე (კმ21.5-კმ25.5 მონაკვეთი) ტენდერი მეორედ გამოცხადდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ტენდერის თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 17 940 426 ლარია. წინადადებების მიღება 23 ოქტომბერს დაიწყება და 28 ოქტომბერს დასრულდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტენდერი აგვისტოშიც გამოცხადდა, თუმცა არ შედგა იმ მიზეზით, რომ ინტერესი არც ერთმა მიმწოდებელმა არ გამოხატა.
შეგახსენებთ, თუშეთის გზის პროექტი 8 მონაკვეთადაა დაყოფილი. უკვე გაფორმებულია 6 ხელშეკრულება, რაც გზის 50 კმ-მდე მონაკვეთის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების სამუშაოებს მოიცავს და მისი ღირებულება, ჯამში 51.6 მლნ ლარია.
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის პირველი 22.5 კმ. იქნება ასფალტის საფარში მოქცეული. დანარჩენი მონაკვეთების საფარი, რელიეფიდან გამომდინარე, გრუნტიანი დარჩება, აღდგება გზის დაზიანებული ადგილები და გაუმჯობესდება არსებული პარამეტრები
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი ეტაპობრივად, 2025 წელს დასრულდება.
ცნობისთვის, თუშეთამდე მისასვლელი ერთადერთი გზა ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზაა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველიდან იწყება და აბანოს უღელტეხილის გავლით ომალოს უკავშირდება. თუშეთის გზა, გასული საუკუნის 60-70-იან წლებშია გაყვანილი. ეს გზა აბანოს უღელტეხილზე გადის, რომელიც ზღვის დონიდან 2950 მეტრზე მდებარეობს. რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა წელიწადში დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაშია შესაძლებელი.