შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ჯო ბაიდენთან მიღებაზე ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმეს
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმეს და ამ ქმედებას არასერიოზულს უწოდებს.
როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსი ქმედებები ინდიკატორია, თუ რამდენად სავალალო მდგომარეობაშია ქართული ოპოზიცია.
მისივე თქმით, ამერიკას შეეძლო სტუმართ-მასპინძლობა მაინც ესწავლა ქართველი ხალხისგან.
„როგორც ვიკითხე, მართლაც ასე მომხდარა. არასერიოზულია, რაზე უნდა ვისაუბროთ საერთოდ. თავისივე გაგზავნილი მოწვევა, მეორე დღეს უკან გაიწვიეს. ასეთი ქცევა არასერიოზულია. უპირველესად, ეს არის ამერიკის და ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფა, რაც ამ ქცევით ვიხილეთ ადმინისტრაციის მხრიდან.
მეორე მხრივ, რაც უფრო აუხსნელი და მძიმეა ქმედებები, ეს პირდაპირი ინდიკატორია საქართველოში ოპოზიციის მდგომარეობის. იმდენად სავალალოა ოპოზიციის მდგომარეობა, ყველანაირ სტანდარტს ქვემოთ ქმედებებსაც კი აღარ ერიდება, მათ შორის აშშ-ის ადმინისტრაცია, რომ რაღაცნაირად უბიძგოს ოპოზიციას, სალაპარაკო თემა მისცეს. ესეც, სამწუხაროდ, ერთ-ერთი გამოვლინებაა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის.
ამ საქციელს ვერანაირად ვერ შევაფასებ. ამდენი წელია ამერიკის ადმინისტრაცია სტრატეგიულ პარტნიორს გვიწოდებს და სტუმარ-მასპინძლობა მაინც ესწავლათ ქართველი ხალხისგან. მინიმუმ ეს შეეძლოთ წაეღოთ ჩვენი ხალხისგან. როგორც ჩანს, ესეც ვერ გავუზიარეთ სათანადოდ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებს და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს. „ამერიკის ხმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად, ასევე იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. გარდა ამისა, „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე, ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.