ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

სტომატოლოგიური კლინიკები მომსახურებაზე ფასების ზრდას აანონსებენ

სტომატოლოგიური კლინიკები მომსახურებაზე ფასების ზრდას აანონსებენ. 700-ზე მეტი სტომატოლოგი ფასის სავარაუდო მატებას იმ რეგულაციებს უკავშირებს, რომლის ამოქმედებაც 1-ელი იანვრიდანაა დაგეგმილი და რომელიც სტომატოლოგების უწყვეტ სამედიცინო განათლების სისტემაში ჩართვას და ტრენინგებზე დასწრებას გულისხმობს.

ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგაში, რომელსაც 700-ზე მეტმა სტომატოლოგმა მიმართა, განმარტავენ, რომ მედიკოსების ტრენინგებში მონაწილეობა წელიწადში დაახლოებით 10 000 ლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ხარჯების ზრდას იწვევს.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ სრულად ეთანხმებიან უწყვეტი გადამზადების მოთხოვნას, თუმცა მიიჩნევენ, რომ აღნიშნული მოთხოვნა ამ ეტაპზე რთულად მისაღწევი აღმოჩნდა დამწყები და რეგიონში მცხოვრები სტომატოლოგებისათვის.

ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგაში აღნიშნავენ, რომ სტომატოლოგთა უმრავლესობა უსამართლოდ მიიჩნევს დადგენილების მე-6 პუნქტის სავალდებულო პირობასაც. აქ მიზეზად სახელდება ის საკითხები, რაც ტრენინგ-სემინარებზე არის შემოთავაზებული, კერძოდ, მედიკოსები განმარტავენ, რომ აღნიშნული უკვე შესწავლილი და გავლილი აქვთ უნივერსიტეტებში.

2025 წლის 1-ელი იანვრიდან, სტომატოლოგები ვალდებულები იქნება უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში ჩაერთონ და ტრენინგებზე დასწრებით ყოველ წელს 20 ქულა დააგროვონ. დადგენილების თანახმად, ტრენინგები მათ შორის უნდა მოიცავდეს ისეთ საკითხებს, როგორიც არის გადაუდებელი მდგომარეობების და ალერგიული რეაქციებით გამოწვეული შემთხვევების მართვა. #432- ე დადგენილებაში არ არის განსაზღვრული სანქციის ზომა და მოცულობა, ასევე ის სამართლებრივი შედეგი, რაც სავალდებულო მოთხოვნის შეუსრულებლობის შედეგად დადგება (საქმიანობის უფლების შეზღუდვა; ადმინისტრაციული ჯარიმა ან სხვა.).