გურჯაანელი ახალგაზრდის იდეა “Kids Market 2024” პროექტის გამარჯვებული გახდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში მცხოვრები საბა მანიჟაშვილის მიერ შექმნილი ბრენდი, მცენარის მავნე მწერებისგან დასაცავი მოწყობილობა ,,Mukhte – მუხტე” “Kids Market 2024” პროექტის გამარჯვებული და 2 000 ლარი პრიზის მფლობელი გახდა.
Kids Market 2024 ისთ ფოინთის მიერ განხორციელებული პროექტია. საბა მანიჟაშვილის თქმით, მიღებული პრიზი მიზნობრივია და სტარტაპის განვითარებას მოხმარდება.
,,ჩავერთე ამ პროექტში, გავხდი ჟიურის რჩეული და მოვიპოვე პრიზი მუხტეს მოწყობილობის გასაუმჯობესებლად. პროექტი ახალგაზრდა მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს თავიაანთი პროდუქცია უფრო დიდ აუდიტორიას გააცნონ. მე ასევე შევხვდი მოწვეულ სტუმრებს და მათგან ძალიან კარგი უკუკავშირი მივიღე.
ამჯერად ვმონაწილეობ კახეთში მიმდინარე პრეაქსელერაციის პროგრამაში, შემდეგ ვაპირებ უკვე GITA-ს 25 000 ლარიან საგრანტო პროგრამაში მონაწილეობას იმისთვის, რომ ჩემი პროდუქტი საქართველოს ბაზარზე დავტესტო და დავიწყო ნახევრად ავტომატიზირებული წარმოება”,- განუცხადა knews.ge-ს საბა მანიჟაშვილმა.
საბას თქმით, აღნიშნული მოწყობილობა შიდა ინტერიერის მცენარის მფლობელს, საშუალებას მისცემს მცენარის მოსავლელად შხამქიმიკატების ნაცვლად, ,,მუხტეს” მოწყობილობა გამოიყენოს. საბას თქმით, აღნიშნული მოწყობილობა მარტივად მუშაობს და მისი გამოყენება მცენარის მოყვარულებს არ გაუჭირდებათ.
,,მუხტეს მოწყობილობა შედგება ორი კომპონენტისგან: ერთია დენის წყაროში შესაერთებელი და მეორე მუხტის გადამცემი ჩხირი, რომელიც მცენარის ახლოს უნდა იყოს ნიადაგში მოთავსებული. მოწყობილობა მუხტავს მცენარეს და როცა მწერი უახლოვდება, დენს ურტყავს. ამით იცავს თავს მწერებისგან. ის არის ძალიან მარტივი გამოსაყენებელი და ძირითადად გამოდგება შიდა ინტერიერის მცენარის დასაცავად”,- აცხადებს საბა.