ევროკავშირი – გავაგრძელებთ საქართველოსთვის სათანადო მხარდაჭერის აღმოჩენას
2024 წლის 7 აგვისტოს ჩვენ აღვნიშნეთ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 16 წელი. ევროკავშირი გმობს რუსეთის სამხედრო ყოფნას მის მიერ ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რაც არღვევს როგორც საერთაშორისო კანონს, ასევე 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებით გათვალისწინებულ რუსეთის ვალდებულებებს, – ეს განცხადება ვენაში ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გაკეთდა.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების ადამიანის უფლებები კვლავ ირღვევა, მათ შორის, „ბორდერიზაციის“ პოლიტიკით, გადასასვლელების დაკეტვით და რუსეთის სამხედროებისა და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ უკანონო დაკავებებით.
ევროკავშირი აცხადებს, რომ უნდა დასრულდეს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები, გამოძიებული უნდა იქნეს ადამიანის უფლებების დარღვევები და უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანობა ყველა მსხვერპლისთვის.
„გავაგრძელებთ საქართველოსთვის სათანადო მხარდაჭერის აღმოჩენას იმ გამოწვევების გადაჭრაში, რომლის წინაშეც ის ასევე დგას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად და მისი მდგრადობის გაძლიერებას რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევი მოქმედებების ფონზე. ჩვენ სრულად ვრჩებით კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ერთგული, მათ შორის, ევროკავშირის, როგორც თანათავმჯდომარის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ჩართულობით, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მუშაობით და ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუდმივი ყოფნით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკავშირი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებს მოუწოდებს, კონსტრუქციულად ჩაერთონ დისკუსიებში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრული განხორციელების მისაღწევად.