საგარეჯოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გახსნა ისევ გადაიდო
საგარეჯოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა კიდევ ერთხელ გადავადდა. მთავრობის დადგენილებით თიზ-ის ამოქმედების ვადად არაუგვიანეს 2026 წლის 1-ლი მარტი განისაზღვრა.
პროექტს შპს „ასი გრუპ ჯორჯია“ ახორციელებს. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგდანოვკაში უნდა მოეწყოს. დოკუმენტის თანახმად, საგარეჯოს თიზ-ისათვის განკუთვნილ მიწის ნაკვეთზე თიზ-ის შესასვლელ-გამოსასვლელში საბაჟო გამშვები პუნქტი უნდა მოეწყოს და შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და ტექნიკა-დანადგარით უნდა აღიჭურვოს.
ამასთანავე, შესაბამისი ინფრასტრუქტურა შემდეგ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს:
საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობებისა და სპეციალური ტექნიკის (მათ შორის, ხელბარგის რენტგენოსკანერის) განთავსება;
სპეციალიზებული საავტომობილო სასწორის განთავსება;
საქონლის დათვალიერების ადგილის გამოყოფა და შესაბამისად აღჭურვა (სასწორი, გადმოტვირთვა-დატვირთვის სპეციალური ტექნიკა);
საბაჟო დეკლარაციის შევსების, აღრიცხვის მოწმობის გამოწერისა და კონტროლიდან მოხსნისათვის აუცილებელი კომპიუტერული ტექნიკით, ქსელით უზრუნველყოფა;
საბაჟო გამშვები პუნქტის აღჭურვა გამოსახულების ჩამწერი და მიმდინარე რეჟიმში სსიპ − შემოსავლების სამსახურისათვის გადაცემის ტექნიკური საშუალებებით;
სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების განთავსებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ტექნიკა-დანადგარებით აღჭურვა;
ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის პროცედურების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში, საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა.
„ასი გრუპ ჯორჯიამ“ 2026 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა შეიმუშაოს და ეკონომიკის სამინისტროს წარუდგინოს საგარეჯოს თიზ-ის განაშენიანების დეტალური გეგმა.
ცნობისთვის, საგარეჯოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა რამდენჯერმე გადავადდა. უფრო კონკრეტულად, თიზ-ის გახსნა 2023 წლის 1-ელ სექტემბერს იყო დაგეგმილი, მოგვიანებით გახსნა 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე გადაიდო. როგორც ირკვევა, ვერც ამ თარიღამდე მოხერხდა ობიექტის გახსნა და კიდევ ერთი გადავადება გახდა საჭირო.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, „ასი გრუპ ჯორჯია“ 2021 წელს დაფუძნდა. კომპანიის 80%-ს ნიდერლანდებში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ACE Group International-ი ფლობს, 20%-ს კი დურმიშხან თიგიშვილი. კომპანიის დირექტორი არის საქართველო-იორდანიის ორმაგი მოქალაქე ოსამა ალ შანტი.