წინანდლის ფესტივალი დასრულდა
წინანდლის ფესტივალის მეექვსე გამოშვებამ განსაკუთრებული ვარსკვლავური შემადგენლობა შეკრიბა. მსმენელის წინაშე წარდგნენ მსოფლიოში აღიარებული შემსრულებლები ჯოშუა ბელი, ბრუს ლიუ, ვასილი პეტრენკო, მიხაილ პლეტნევი, ალექსანდრ კანტოროვი, ფრანსუა ლელუ, ედგარ მორო და სხვა.
წინანდლის ფესტივალის 9-დღიანი პროგრამა, კამერულ და სიმფონიურ კონცერტებს, მრავალფეროვან ღონისძიებებს მოიცავდა.
ფესტივალმა 20 000 ვიზიტორს უმასპინძლა. საფესტივალო კონცერტებში მონაწილეობდა პანკავკასიური ორკესტრი, თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი, ლიზა ბათიშვილის ფონდის ახალგაზრდა მუსიკოსები. ფესტივალის ფარგლებში დაარსებულ პანკავკასიურ ორკესტრში წელს რეგიონის 8 ქვეყნის 80 მდე ნიჭიერი მუსიკოსი გაერთიანდა. ორკესტრი 4 კონცერტით წარსდგა მსმენელის წინაშე.
გიორგი რამიშვილი – წინანდლის ფესტივალის და კომპანია სილქნეტის დამფუძნებელი:
„წინანდლის ფესტივალს 6 წელი შეუსრულდა და მიხარია, რომ უმაღლეს დონეს და ხარისხს ვინარჩუნებთ მონაწილეების და პროგრამის თვალსაზრისით. დიდი ვარსკვლავები მთელი მსოფლიოდან სიამოვნებით უერთდებიან ფესტივალს და წლევანდელი წელი ამის თვალსაჩინო მაგალითია. პანკავკასიური ორკესტრის ასეთი ფორმით არსებობა კი, ჩემი აზრით არის უნიკალური და დიდი მნიშვნელობის მატარებელი“.
ავი შოშანი – წინანდლის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი:
“საუკეთესო სეზონი იყო. როგორც მოგეხსენებათ, წინანდლის ფესტივალი შევქმენით პანკავკასიური ორკესტრის გამო. მიხარია, რომ ამდენი ქვეყნის წარმომადგენელი ერთ სცენაზე დგას. ეს შთაგვაგონებს. წელს პანკავკასიური ორკესტრი სენსაციური იყო. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ასეთი ტალანტები გვყავს. ამ ფესტივალის დიდი უპირატესობა ისაა, რომ ერთ სივრცეშია საკონცერტო დარბაზები, მუზეუმი, უნიკალური ბაღი. წლებთან ერთად ერთგული მაყურებელი გვემატება.”