საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტმა უკვე 900 ათას ლიტრს მიაღწია
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, ამერიკის ბაზარზე ქართული ღვინის პოზიციების დასადგენად, მიმდინარე წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით აშშ-ში სამომხმარებლო ბაზრის კვლევა ჩატარდა.
„კვლევის მიხედვით, ექსპორტის მზარდი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია ქართული ღვინის შესახებ ცნობადობა ამაღლდეს არა მხოლოდ კონკრეტულად დარგის პროფესიონალებში, არამედ ზოგადად, რიგით ამერიკელ მომხმარებლებში. მომხმარებელი არის საბოლოო რგოლი ღვინის გაყიდვების ჯაჭვში. აღნიშნულის გათვალისწინებით, აშშ-ში მომხმარებელზე ორიენტირებულ სარეკლამო კამპანია დაიგეგმა“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც 2013 წლის შემდეგ, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულმა ღონისძიებებმა, ხელი შეუწყო აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას.
„აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი ბაზარია, სადაც ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო ფასი 6 აშშ დოლარის ფარგლებშია.
აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის კამპანია ამ ეტაპზე მოიცავს: 16-18 სექტემბერს, პრესტიჟული ამერიკული ღვინის გამოცემის Wine Enthusiast ერთ-ერთი რედაქტორი და სადეგუსტაციო კომისიის წარმომადგენლის, ემილი სალადინო (Emily Saladino) საქართველოს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში იგი ჩაატარებს ქართული ღვინის ბრმა დეგუსტაციას და Wine Enthusiast-ის 100 ქულიანი შეფასების სისტემის მიხედვით შეაფასებს წარდგენილ ღვინოებს, ასევე ეწვევა კახეთის რეგიონს. დეგუსტაციაზე წარდგენილი ღვინოების შეფასებები გამოქვეყნდება Wine Enthusiast-ის გვერდზე.
სექტემბრის თვეში განხორციელდება ამერიკელი ღვინის პროფესიონალებისა და ჟურნალისტების ტური საქართველოში.
23 სექტემბრიდან, 2 კვირის განმავლობაში, ქალაქ ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, აუთდორ კამპანიის ფარგლებში, ე.წ. 25 ლაითბოქსზე განთავსდება ქართული ღვინის სარეკლამო ბანერები.
26 სექტემბერს, ქალაქ ნიუ-იორკში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა „გრანდ თეისტინგი“ ღვინის პროფესიონალების, მედიის და კომერციული სექტორის წარმომადგენლებისთვის გაიმართება.
ოქტომბრისა და ნოემბრის თვეებში, ქართული ღვინის სარეკლამო კამპანიას ადგილი პრესტიჟულ გამოცემა New York Times დაეთმობა. New York Times-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსდება ე.წ. ბლოკბანერი და ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც ესტუმრება საიტს სარეკლამო ველში გამოუჩნდება ქართული ღვინის სარეკლამო ბანერების სლაიდშოუ. აღნიშნული გამოცემის საშუალო ნახვა კვირის განმავლობაში 100 მლნ მომხმარებელს აჭარბებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.