ახალი ამბები

სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს 1.50 ლარად ჩაიბარებს

სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს 1.50 ლარად ჩაიბარებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„წელს რეკორდულია საფერავის ჯიშის ყურძნის მოსავალიც, ინტენსიურად მიმდინარეობს ყურძნის ჩაბარება და უკვე გადამუშავებულია 35 ათასი ტონა საფერავის ჯიშის ყურძენი. თუმცა, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე საჭირო გახდა მოსავალი მაქსიმალურად სწრაფად დაბინავდეს რათა ყურძენი არ გაფუჭდეს და გადამუშავება დროულად მოხდეს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება და სახელმწიფო საფერავის ჟიშის ყურძენს 10-მდე ლოკაციაზე 1.50 ლარად ჩაიბარებს. ამასთან, მევენახეებს ვისაც აქამდე საფერავი 1.50 ლარზე ნაკლებად აქვს ჩაბარებული საქართველოს მთავრობა სხვაობას დაუკომპენსირებს,“– განაცხადა კობახიძემ.

რამდენიმე დღის წინ მევენახებმა გაავრცელეს ინფორმაცია რომ კახეთში, გარკვეულმა ქარხნებმა შეაჩერეს საფერავის ჯიშის ყურძნის მიღება. ისინი ამბობდნენ, რომ ქარხნებში ყურძნის მიღების შეყოვნების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ პროდუქტის სიჭარბე იყო. ყურძნის ფასი ასევე კახეთში მევენახეებმა რამდენჯერმე გააპროტესტეს, მათ აქცია გამართეს და პრობლემის მოგვარება მოითხოვეს.