კახეთში, რიგ ქარხნებში საფერავის მიღება შეწყდა, ერთ-ერთი მიზეზი მისი სიჭარბეა
კახეთში, რიგ ქარხნებში საფერავის ჯიშის ყურძნის მიღება შეწყდა. როგორც მევენახეები ამბობენ, ამისი ერთ-ერთი მიზეზი მოსავლის სიჭარბეა.
მეორე დღეა სოციალურ ქსელში გავრცელდა მევენახეების ინფორმაცია, რომ რიგ ქარხნებში საფერავის ჯიშის ყურძნის ჩაბარების პრობლემა შეემქნათ. მევენახე ლაშა ხიზანიშვილი აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს და „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს რომ პრობლემა ამ ეტაპზე მხოლოდ საფერავის ჯიშს აქვს. მისივე თქმით, ქარხნები რქაწითელს იბარებენ და ამ შემთხვევაში პრობლემა დაბალი ფასია.
„დათბა და ძალიან ბევრგან რთველი ერთდროულად დაიწყო, ამიტომ დაგროვდა ერთდროულად ბევრი საფერავი, თუმცა ეს არ არის ერთადერთი მიზეზი და რეალურად უცნობია, რატომ მოხდა ყურძნის მიღების შეჩერება ქარხნების მხრიდან. შეყოვნების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა პროდუქტის სიჭარბეა. წელს მოსავალი საკმაოდ ჭარბია და ქარხნები ვერ აუდიან მიღებას. ფერმერები ამის გამო გაუგებრობაში არიან, არ იციან როგორ მოიქცნენ. ფასი, რაც არის შეთავაზებული, ფაქტობრივად, თვითღირებულებასაც ვერ ანაზღაურებს, რადგან ყურძნის მოყვანისთვის საჭირო პრეპარატები წლიდან წლამდე ძვირდება,“ – აღნიშნავს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მევენახე ლაშა ხიზანიშვილი.
წლევანდელი მოსავალი უმეტესწილად კარგი ხარისხისაა.