უკრაინელი მეღვინეები საქართველოდან ალკოჰოლის მწარმოებლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვენ
უკრაინელი მეღვინეები ქვეყნის მთავრობისგან, საქართველოდან და სომხეთიდან ალკოჰოლის მწარმოებლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვენ, რადგან ისინი რუსეთში პროდუქციის მიწოდებას განაგრძობენ. ამის შესახებ “უკრინფორმთან” ინტერვიუს დროს Ukrvinprom-ის გენერალურმა დირექტორმა ვოლოდიმირ კუჩერენკომ განაცხადა.
ცნობისთვის, Ukrvinprom უკრაინული მევენახეობა-მეღვინეობის კორპორაციაა, რომელიც ქვეყნის უმსხვილეს ღვინის მწარმოებლებს აერთიანებს.
„უკვე ერთი წელია, Ukrvinprom სახელმწიფოსგან სანქციების დაწესებას ითხოვს საქართველოდან და სომხეთიდან ღვინისა და კონიაკის არაერთი მწარმოებლის მიმართ, რომელთა პროდუქცია რუსულ ბაზარს კვლავ მიეწოდება. დაპირების მიუხედავად, ამ საქონლის გაყიდვა უკრაინაშიც გრძელდება,“ – აცხადებს კუჩერენკო.
მისი თქმით, “ღვინის წამყვანი ქვეყნებიდან” ალკოჰოლური პროდუქციის რუსეთში შედინება გრძელდება. კერძოდ, ვოლოდიმირ კუჩერენკო რუსი მომხმარებლებისთვის ღვინის ძირითად მიმწოდებლებად იტალიასა და საქართველოს ასახელებს.
ამასთან, Ukrvinprom-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ევროპიდან „ღვინის პროდუქციის უმეტესი ნაწილი ტრანზიტით ბალტიისპირეთის ქვეყნების, კერძოდ, ლიეტუვისა და ლატვიის გავლით ტრანსპორტირდება“. კერძოდ, 2023 წლის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციაში ღვინის პროდუქციის ტრანზიტული გადაზიდვების ოდენობამ ლიეტუვის გავლით 211.4 მლნ დოლარი, ხოლო ლატვიიდან 153.8 მლნ დოლარი შეადგინა.
ცნობისთვის, აგვისტოში უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატებმა მიიღეს კანონი „მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ,“ რომელმაც ქვეყანაში არსებული ინდუსტრია ევროკავშირის რეგლამენტის შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს. ამასთან, დოკუმენტი ღვინის გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვასა და მევენახეობა-მეღვინეობის რეესტრის შექმნას გულისხმობს.
ინფორმაციას სააგენტო bpn.ge ავრცელებს.