საქართველოში ოჯახები შემოსავლების თითქმის ნახევარს სურსათზე ხარჯავენ- კვლევა
ISET-ს კვლევით ინსტიტუტი საქართველოში სურსათის ფასებთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში სურსათზე მაღალი ფასები განსაკუთრებით მძიმედ აისახება შინამეურნეობებზე.
კერძოდ, შინამეურნეობები მთლიანი შემოსავლების თითქმის ნახევარს სურსათის ხარჯებს უთმობენ. კვლევის თანახმად, 2019 წელს სურსათის დანახარჯები ოჯახის მთლიან დანახარჯებში 43%-მდე, ხოლო 2021 წელს 48.7%-მდე გაიზარდა. ამასთან, მაჩვენებელი 2023 წელს თითქმის 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდა და 43.3% შეადგინა.
კვლევაში მონაცემები შედარებულია ევროკავშირში არსებულ ტენდენციებს. უფრო კონკრეტულად, ევროსტატის 2023 წლის მონაცემებით, EU-ში საკვებსა და უალკოჰოლო სასმელებზე ოჯახის საშუალო ხარჯი 2021 წელს 14.8%-ს უტოლდებოდა. ყველაზე დაბალი წილი საანგარიშო პერიოდში ისლანდიაში იყო და 8.3%-ს შეადგენდა, ყველაზე მაღალი კი რუმინეთში იყო და 24.8%-ს აღწევდა.
ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საკვების მაღალი ფასები მნიშვნელოვან ფინანსურ ტვირთად აწვება მოსახლეობას, განსაკუთრებით კი დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები დაზარალდება.
„საკვების გაზრდილი ფასები აიძულებს დაბალშემოსავლიან ოჯახებს, აუცილებელ საჭიროებებს შორის, მაგალითად ისეთი, როგორიცაა საცხოვრებელი, ჯანდაცვა, განათლება და კვება, არჩევანი გააკეთონ. გარდა ამისა, საკვების ფასების მატებასთან ერთად, დაბალშემოსავლიანმა ოჯახებმა შეიძლება მიმართონ უფრო იაფ, ნაკლებად საკვებ ვარიანტებს, რითაც არასრულფასოვანი კვების და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების რისკს გაზრდის.
კვებითმა პრობლემებმა შეიძლება გრძელვადიანი გავლენა მოახდინოს ბავშვების განვითარებაზე, მათ შორის კოგნიტურ და ქცევითი პრობლემების, დაბალი აკადემიური მოსწრებისა და დაავადებებისადმი მაღალი რისკის ჩათვლით.
სურსათის ფასების ინფლაციასთან ბრძოლა გადამწყვეტია სიღარიბის შესამცირებლად და გაეროს მდგრადი განვითარების პირველი და მეორე მიზნების მისაღწევად, რადგან ის პირდაპირ გავლენას ახდენს ოჯახების სიღარიბეზე თავის დაღწევის უნარზე და უზრუნველყოფს, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს წვდომა საკმარის საკვებზე,“ – აღნიშნულია ISET-ის კვლევაში.