ახალი ამბები

კომპანია “კეთილი და პატიოსანი”, ჩუმლაყში დამზადებულ პროდუქციას ინდოეთში ყიდის

„კეთილი და პატიოსანის“ პროდუქცია ინდოეთის ბაზარზე შევიდა. როგორც Business Insider Georgia-სთან ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო „ქართული აგროპროდუქტის“ დირექტორმა იოსებ მანჯავიძემ განაცხადა, ინდოეთში პროდუქცია რამდენიმე დღის წინ გაიგზავნა.

აღსანიშნავია, რომ „ქართული აგროპროდუქტი“ პროდუქციას რამდენიმე ბრენდის ქვეშ აწარმოებს და მათ შორის ერთ-ერთია „კეთილი და პატიოსანი“.

იოსებ მანჯავიძის განმარტებით, კომპანიისთვის ინდოეთის ბაზარზე შესვლა მარტივი არ ყოფილა, რადგანაც შესაბამის პროცესებს რამდენიმე თვე დასჭირდა, ხოლო რაც შეეხება არსებულ და ახალ ბაზრებს კომპანიას ამ მიმართულებით შორს მიმავალი გეგმები აქვს.

„დაახლოებით ერთი კვირის უკან პროდუქცია გავაგზავნეთ ინდოეთში, რაც ჩვენი კომპანიისთვის საკმაოდ საინტერესო სიახლეა. ინდოეთიდან „კეთილი და პატიოსანის“ პროდუქციაზე საკმაოდ დიდი ინტერესი იყო. ასევე ვაპირებთ პროდუქციის ექსპორტის გაგრძელებას აშშ-ში, საფრანგეთის ბაზარზე ექსპორტს ჩვეულებრივად ვაგრძელებთ და მოლაპარაკებებში თითქმის ბოლოში ვართ გასულები ისრაელთან ყურძნის წვენის შეტანასთან დაკავშირებით.

ინდოეთში ძირითადად ჩიას ხაზი გავუშვით: მარწყვი ჩიას თესლით, ვაშლი და კივი ჩიას თესლით და ინდოეთის ბაზარზე გავუშვით ასევე ჩვენი ბოლო სიახლე მოცვი და ვაშლი ჩიას თესლით. ინდოეთისთვის ჩიას ხაზი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. ამას დაემატა ასევე ფეიხოა ილით და ასევე გავუშვით სტაფილოს წვენი“, – ამბობს იოსებ მანჯავიძე.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, „კეთილი და პატიოსანის“ გაყიდვებში დიდი წილი ექსპორტს უკავია, რადგანაც ადგილობრივ ბაზარზე რითეილ ქსელებთან ურთიერთობა საკმაოდ გართულდა. იოსებ მანჯავიძის თქმით, სავაჭრო ქსელებში ბევრი უხარისხო და თანაც იმპორტირებული პროდუქციაა, მაშინ როდესაც ქართული და თანაც 100%-ით ნატურალური წვენების რეალიზაცია და ადგილობრივი სავაჭრო ქსელების მოცვა ვერ ხდება.