გაიცანით ხელოვანი ჯილდა ნადაშვილი გურჯაანიდან
33 წლის ხელოვანი ჯილდა ნადაშვილი სხვადასხვა სახის სუვენირებს და ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს. ის საკუთარი ნამუშევრების შექმნისას ეპოქსიდს და საღებავებს იყენებს. როგორც თავად ამბობს, ნამუშევრების დამზადებას განსხვავებული დრო და ენერგია ჭირდება.
როგორც ჯილდა ამბობს, ხატვა და სხვადასხვა ნივთების დამზადება ბავშვობიდან უყვარს და სწორედ 6 თვის წინ შეძლო საყვარელი საქმის ბიზნესად ქცევა.
,,პროფესიით იურისტი ვარ. 2013 წლიდან დღემდე ვმუშაობდი ჩემი პროფესიით. ხატვა და საკუთარი ხელით სილამაზის შექმნა ჩემი ჰობია. ამჟამინდელი საქმიანობა და ეპოქსიდით სხვადასხვა ნივთების დამზადება 6 თვის წინ დავიწყე, საბანკო სფეროში მუშაობის პარალელურად. მალევე მივხვდი, რომ ეს არ იყო მხოლოდ რამდენიმესაათიანი მუშაობა და განტვირთვა, საქმიანობა მოიცავს უდიდეს შრომას, დროს და ნებისყოფას’’,- განუცხადა knews.ge-ს ჯილდა ნადაშვილმა.
ჯილდა ამ დროისთვის სარკეებს და სხვადასხვა ნივთებს აფორმებს, ასევე ამზადებს ნივთებს, სახლის დეკორაციებს და სხვა. მისი თქმით, ნივთების შექმნამდე აღნიშნული საქმე საფუძვლიანად შეისწავლა, რომლის შემდეგაც საკუთარი სახელოსნო მოაწყო და ნივთების დამზადება აქტიურად დაიწყო.
,,ვინც მიცნობს, იცის, რომ არ მიყვარს რაიმეს კეთება ნახევრად, ბუნდოვნად, უხარისხოდ, ამიტომ, დასაწყისშივე დავგეგმე საქმიანობის საფუძვლიანი შესწავლა და კომფორტული სახელოსნოს მოწყობა ყველა საჭირო ინვენტარით. სახელოსნო მაქვს ქალაქ გურჯაანში (კოსტავას ქუჩა, №33) და საქმიანობა დავიწყე დამოუკიდებლად. დაუღალავი შრომითა და ღამეების თენებით დღეს უკვე დავიმსახურე მომხმარებლების სიყვარული, მცირე დროში გამიცნო ბევრმა ადამიანმა. სწორედ მათი დადებითი უკუკავშირი არის მთავარი მოტივატორი ჩემი სამომავლო გეგმების დასახვაში. ნივთების მიწოდება ხდება საკურიერო მომსახურებით, საქართველოს მასშტაბით’’,– აცხადებს ჯილდა.
როგორც თავად ამბობს, ნივთების შექმნისას სამუშაო მასალის ხარისხს დიდ ყურადღებას აქცევს. რაც შეეხება შეკვეთებს, მათ ინტერნეტის საშუალებით იღებს.
,,ნივთები მზადდება უმაღლესი ხარისხის ეპოქსიდის ფისისგან, საღებავების შერევით. ჩემთვის ხარისხს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სამუშაო მასალას ვყიდულობ საქართველოში შემომტან ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში. ნივთების შეკვეთა და დიზაინის შერჩევა ჩემი დახმარებით ხდება, ონლაინ, თუმცა იყო უკვე რამდენიმე შემთხვევა, სახლში ვიზიტით დავგეგმეთ დეკორი, მაგიდები. ჩემთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელთან შეხვედრა და მათი აზრის გათვალისწინება. დადებითი უკუკავშირი მაძლევს მოტივაციას, რომ უახლოეს მომავალში გავხსნა ჩემი მაღაზია’’.
მსურველებისთვის და აღნიშნული საქმით დაინტერესებული პირებისთვის, მან უკვე შექმნა სასწავლო კურსი, რომელზე მოთხოვნაც ყოველდღე იზრდება.
,,დავგეგმე სასწავლო კურსის დაწყება. შეკვეთების სიმრავლის გათვალისწინებით, ვფიქრობ, მალე დამჭირდება დამხმარე. სამომავლოდ ვგეგმავ სახელოსნოს გაფართოებას და მეტი დანადგარის და ინვენტარის შეძენას’’,– აცხადებს ჯილდა.