ირაკლი კობახიძე – არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნებთ საგრანტო პროგრამას
საქართველოს მთავრობა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, დაფინანსებას კი ის ორგანიზაციები მიიღებენ, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს რეესტრში დარეგისტრირდნენ.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, „არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კეთილ საქმეს აკეთებენ და ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურებიან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი ორად მეტ დაფინანსებას მიიღებენ, ვიდრე უცხოური დონორებისგან იღებდნენ.“
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განაცხადით 450-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ანუ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა მიმართა. საზოგადოების წინაშე გამოვლენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის თითოეულ ამ ორგანიზაციას მადლობა მინდა გადავუხადო. ამ ფაქტით დადასტურდა, რომ უცხოური დაფინანსების მიღება ავტომატურად არ ნიშნავს უცხოური ძალის უარყოფითი ინტერესების გატარებას. ვისაც დასამალი არაფერი აქვს, მას არც გამჭვირვალობის ეშინია.
ლოგიკურია, რომ რეგისტრაციას არ ერიდებიან უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში არც პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობენ, არც რევოლუციური გეგმების რეალიზებაში მონაწილეობენ, არც ქვეყნის რელიგიური იდენტობის შერყევას ცდილობენ, არც ლგბტ-პროპაგანდით არიან დაკავებული და არც სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების მშენებლობისთვის ქმნიან ხელოვნურ დაბრკოლებებს. არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციის პროცესი აქტიური ზეწოლისა და შანტაჟის ფონზე წარიმართებოდა. არასამთავრობო ორგანიზაციებს ემუქრებიან და აშანტაჟებენ როგორც „ენჯეოები“, ისე ცალკეული უცხოური დონორი ორგანიზაციები. მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციას კონკრეტული უცხოელი დონორები დაემუქრნენ დაფინანსების შეწყვეტით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციას გაივლიდნენ. ამ ფონზე და ზოგადად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
საგრანტო ფონდის გამართული მუშაობისთვის აუცილებელი ინსტიტუციური და ფინანსური საფუძვლები უახლოესი 2 თვის განმავლობაში მომზადდება, ხოლო პირველი საგრანტო პროექტები 2025 წლის იანვრიდან დაფინანსდება. საგრანტო პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ახლო მომავალში გაგიზიარებთ. საგრანტო პროექტები დაფინანსდება ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად. ამ ამოცანებს შორისაა – დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა, ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირება, შშმ პირებზე ზრუნვა, გარემოს დაცვა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებისა და ინტერესების დაცვა და ა.შ.
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კეთილ საქმეს აკეთებენ და ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურებიან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი ორად მეტ დაფინანსებას მიიღებენ, ვიდრე დღემდე უცხოელი დონორებისგან იღებდნენ. საგრანტო პროგრამის ფარგლებში გაცემული და დახარჯული თითოეული თეთრი იქნება გამჭვირვალე საზოგადოებისთვის. საზოგადოებას მუდმივ რეჟიმში ექნება იმის გადამოწმების საშუალება, თუ რამდენად შეესატყვისება შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. წინასწარ მოვუწოდებთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც სურს იქცეს ქართველი ხალხის გავლენის აგენტად და გაატაროს საქართველოს ეროვნული ინტერესები, აქტიურად ჩაერთოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.