თელავის საკრებულომ არჩევნებისთვის, სააგიტაციო მასალების განთავსების მიზნით ადგილები განსაზღვრა
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე, 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სააგიტაციო მასალების განთავსების მიზნით ადგილები განსაზღვრა.
უწყების განკარგულებით, სააგიტაციო მასალის გასაკრავად (გამოსაფენად) განისაღვრა შემდეგი ადგილები:
სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებების კაპიტალური მესერი;
სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული შენობა-ნაგებობების კაპიტალური მესერი, გარდა მათი ადმინისტრაციული შენობებისა, აგრეთვე, მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული შენობა-ნაგებობები და მათი კაპიტალური მესერი;
სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე განთავსებული ღამის განათების ბოძებზე ან სხვა ბოძებზე – სამი მეტრის სიმაღლემდე დაშვებით, მაგრამ ბოძზე დამონტაჟებულ კვანძებთან, სადენებთან და სხვა ელ-მოწყობილობებთან არაუმეტეს ერთი მეტრის სიახლოვისა.
ამ განკარგულებით განსაზღვრული ადგილების გარდა, სააგიტაციო მასალის გამოიფინა შესაძლებელია შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში.
განკარგულების მიხედვით, სააგიტაციო მასალების გაკვრა აკრძალულია საკულტო და კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობების შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში.