EU-მა მუნიციპალიტეტებისთვის განკუთვნილი გრანტი გააჩერა
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში შეაჩერა მუნიციპალიტეტებისთვის განკუთვნილი ოთხწლიანი პროექტი “შემოქმედებითი კომპასი საქართველო”.
ამის შესახებ ნეტგაზეთი ავრცელებს ინფორმაციას და წერს, რომ ფაქტის შესახებ თავად EU-ს წარმომადგენლობამ აცნობათ, თუმცა თავდაპირველად ინფორმაცია წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ 2 სექტემბერს მერიის წინ გამართულ ბრიფინგზე გაავრცელა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტს რუსული კანონის გამო გაუუქმდა ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტი. ის ასევე ამბობდა, რომ წალენჯიხის მერია ამ ფაქტს დეკლარირებს, თუმცა დანარჩენი მუნიციპალიტეტები, სავარაუდოდ, მალავენ იმას, რომ ევროკავშირის გრანტები მათაც გაუუქმდათ.
გრანტი არის მიზნობრივი საჩუქარი, როდესაც გარკვეული პროექტის განსახორციელებლად დონორი თანხას ან რაიმე რესურსს აჩუქებს მის მიმღებს.
“რას გვაძლევს ან რას გვართმევს დასავლეთთან ურთიერთობა? მუნიციპალიტეტმა გრანტი მიიღო და გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებამ მაინც ჯიუტად დაამტკიცა რუსული კანონი, ეს გრანტი გაუქმდა”, – აღნიშნა მერმა ბრიფინგზე.
როგორც გია ხარჩილავამ განაცხადა, ევროკავშირის გრანტი, რომელიც მუნიციპალიტეტებისთვის გაიცემა, პირველ ეტაპზე 5000 ევროს ოდენობის იყო. გრანტი სახელად “შემოქმედებითი კომპასი” მუნიციპალიტეტს ტურიზმის განვითარებისთვის უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ინვენტარიზაციისთვის და შემდგომში ტურიზმის სტრატეგიის შესამუშავებლად.
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ნეტგაზეთს აცნობა, რომ “შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ (CCG) 4-წლიანი პროექტია, რომელიც ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტი საქართველოს რეგიონებში კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების გაძლიერებას ემსახურება.
“პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს რეგიონებში კულტურის და შემოქმედებითი დარგის განვითარების გზით ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესება. ამ მიზნის მისაღწევად პროექტი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, ესენია: შემოქმედებითი რესურსების გამოვლენა, გაძლიერება და გამოყენება, შემოქმედებითი სივრცეების განვითარება, დაფინანსების შესაძლებლობების შექმნა, მეწარმეობის ხელშეწყობა და დარგთაშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება. პროექტი მრავალმხრივ მიდგომას იყენებს, რომელიც გულისხმობს დაფინანსების სხვადასხვა სახის საქმიანობისა და სხვადასხვა დაინტერესებული მხარისთვის გადაცემას”, – ამბობენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში 35 მუნიციპალიტეტს გადაეცა გრანტი (თითოეულს 5000 ევროს ოდენობით) შემოქმედებითი სივრცეების ან მომავალში შემოქმედებითი დანიშნულებით გამოყენების პოტენციალის მქონე სივრცეების გამოვლენის, ფიზიკური აღნუსხვისა და ფოტოდოკუმენტირებისთვის.
“საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებისა და ევროკავშირის დახმარებაზე მისი ზემოქმედების შესახებ ევროპული საბჭოს მიერ 2024 წლის 24 ივნისს გამოქვეყნებული დასკვნების გათვალისწინებით, ამ პროექტის ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალიტეტისთვის ახალი საგრანტო შესაძლებლობის შეთავაზება ამ ეტაპზე შეჩერებულია. „შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ გააგრძელებს საქმიანობას საქართველოს რეგიონებში შემოქმედებითი და კულტურის სექტორის მდგრადი მხარდაჭერისთვის”, – აღნიშნავს EU-ს წარმომადგენლობა საქართველოში.