მაღალხარჯიანი რეანიმაციული შემთხვევების დაფინანსება გაიზრდება
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილია მაღალხარჯიანი რეანიმაციული შემთხვევების დაფინანსების ზრდა.
ინფორმაციის თანახმად, პროგრამის საპილოტე ეტაპზე, ინიციატივა ფილტვების შეშუპებისა და სუნთქვის უკმარისობის მართვას შეეხება, რაც რეანიმაციული შემთხვევების უმრავლესობას წარმოადგენს.
„განიხილეს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც რეანიმაციაში ხანგრძლივი დაყოვნების მაღალ ხარჯიანი შემთხვევები, DRG-თან ერთად, გამონაკლისის სახით, საწოლდღის მიხედვით დაფინანსდება. აქვე აღინიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულებებში, რეანიმაციის შემდგომ, პაციენტის გახანგრძლივებული მოვლისთვის, სპეციალური განყოფილების შექმნაც იგეგმება”.
მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციითვე, დაგეგმილი სიახლეების მიზანი DRG დაფინანსების მოდელის სრულყოფაა, უშუალოდ ეს ცვლილებები კი დადებითად იმოქმედებს პაციენტების ინტერესებისა და უფლებების დაცვაზე. ასევე – კლინიკების ეფექტურად საქმიანობაზე. სიახლის ამოქმედებისთანავე, განხორციელდება აქტიური მონიტორინგი, შემდეგ კი, ეტაპობრივად, ყველა რეანიმაციულ შემთხვევაზე გავრცელდება.