სალომე ზურაბიშვილი- მხარს ვუჭერ მეტი ქალის ჩართვას პოლიტიკაში
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პრესკონფერენცია გამართა. ის ადგილობრივი და ცენტრალური მედიაორგანიზაციების ჟურნალისტებს და დამფუძნებლებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა.
მისი თქმით, მსგავსი სახის შეხვედრები ხელს უწყობს მოქალაქეების ინფორმირებას. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა ,,კახეთის ხმის” დამფუძნებელი და დირექტორი მაია მამულაშვილი.
მისი კითხვა ეხებოდა საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას, რომელზეც გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა ორი თვის წინ მიიღო.
გთავაზობთ სრულად კითხვას და პრეზიდენტის პასუხს:
–პარლამენტმა გენდერული კვოტირება უშუალოდ ქალ კანდიდატებთან დაკავშირებით გააუქმა. თქვენ ხართ პირველი ქალი პრეზიდენტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და რა გეგმა გაქვთ ამასთან დაკავშირებით, რამდენად შეუწყობთ ხელს ქალთა მონაწილეობას? ამ გადაწყვეტილებამ უკან დაწია ბევრი ქალი კანდიდატი და პოლიტიკურ პარტიებსაც ის ბერკეტი წაართვა, რაც ჰქონდათ, რომ აუცილებელი იყო ქალების წარდგენა. თქვენ როგორი პოზიცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით? ასევე ვსაუბრობთ ქარტიაზე, რომელსაც პოლიტიკური პარტიები აწერენ ხელს და საინტერესოა, აქაც როგორ არის გათვალისწინებული გენდერული საკითხი? ვიცით, რომ გენდერული კვოტირება ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაც იყო და ამას საზოგადოებაც მხარს უჭერს.
-მე რაც შემეძლო ყველა ფორმით დავუჭირე მხარი გენდერულ კვოტებს. როცა კანონი მიღებულია და ეს ასევე იყო წარდგენილი, როგორც ერთ-ერთი მიღწევა ევროპულ რეკომენდაციებთან მიმართებაში. ამისი უკან წაღება და გაუქმება არის ძალიან ცუდი ნიშანი. მე მხარს ვუჭერ ქალთა როლს საზოგადოებაში და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. გამოქვეყნდა მონაცემები და ამ კუთხით გვავს საშინელი სტატისტიკა, ამ მხრივ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი შეხვედრებიდან პოლიტიკოსებთან, რომელიც ახლა კი არ დაიწყო, რამდენიმე თვეა გრძელდება, მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობები ქალ პოლიტიკოსებთან. უნდა აღვნიშნო, რომ მათთან საუბარი ბევრად უფრო დეპოლარიზებულია და უფრო ადვილია შეთანხმებების მიღწევა. მათ აქვთ დეპოლარიზაციის უნარი და ეს უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკაში, რომელიც გვჭირდება და დაგვჭირდება მომავალში. ამიტომ მიმაჩნია, რომ ქალების როლი პოლიტიკაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომელიც აწერენ ხელს ქარტიას, ძალიან მაგარი ქალები არიან.
ვიდეო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია