,,მარცვლის მწარმოებელი ფერმერები ფასის გაზრდას ელოდებიან“ – ასოციაცია
ხორბლის მოსავლის აღების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. აღნიშნულის მიზეზი ძირითადად კლიმატური პირობებია. მარცვლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძე აცხადებს, რომ მოსავლის ძირითადი ნაწილი აღებულია.
ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ წელს ხორბლის მოსავალი შარშანდლის მსგავსად 150 ათასი ტონის ფარგლებში იქნება. რაც შეეხება ხარისხს, ბენიაიძის თქმით, წელს ხარისხი უკეთესია.
„გაგრძელდა მოსავლის აღება, ბოლომდე არ დასრულებულა, თუმცა ძირითადი ნაწილი აღებულია, ალბათ, შარშანდელ ციფრებზე გავალთ. ვფიქრობ, 150 ათას ტონაზე მეტი იქნება, წელს ხორბლის მოსავალი. ხარისხი შარშანდელზე უკეთესია. ალაზნის პირზე ფართობების ნაწილი დატბორილი იყო, ნაწილზე მოსავალი უკვე აიღეს, მაგრამ დანაკლისი მაინც იყო. ზოგ ფართობზე ხორბალი აიღეს, მაგრამ შესაძლოა, რაღაც ნაწილი დარჩა. არის ხოლმე ფართობები, სადაც ფერმერი ხორბალს ვერ იღებს, რა ფართობი დარჩა წელს, ეს ჯერ არ ვიცით,“ – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ასოციაციის თავმჯდომარემ.
რაც შეეხება ფასს, 1 კგ. ხორბლის ფასი ბაზარზე 55 თეთრია, თვითღირებულება კი 65-70 თეთრის ფარგლებშია. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ასოციაციის თავმჯდომარე აღნიშნავს, ფერმერები რეალიზაციის დაწყებისთვის ფასის მატებას ელოდებიან.
„ფასი ჯერჯერობით სამწუხაროდ, ისევ 55 თეთრის ფარგლებშია. მსოფლიოში დაბალი მოსავალია და ფერმერები ელოდებიან, რომ ფასი გაიზრდება. სესხები აქვთ გადასაფარი. იცდიან, რომ თვითღირებულების ფასი მაინც გახდეს, რათა რაღაც შემოსავალი მიიღონ და ვალები გაისტუმრონ. 65-70 თეთრი არის თვითღირებულება ახლა,“ – განაცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ.