ახალი ამბები

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ავტოტრანსპორტის ყველა კატეგორიისთვის ორეტაპიანი გახდება

მართვის მოწმობის პრაქტიკული ნაწილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ყველა კატეგორიისთვის ორეტაპიანი გახდება.

ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ინტერვიუში შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ კიკნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ასრულებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. აღნიშნულის ფარგლებში, მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი გახდა, რაც გულისხმობს რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში გამოცდის ჩაბარებას. ასევე, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული კითხვები დაემატა. ამ ეტაპზე აღნიშნული მოქმედებს B; BE; C; D; C1 და D1 კატეგორიები/ქვეკატეგორიებისთვის. აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს, როგორც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის სისტემის დახვეწას, ასევე, საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლებას,“- აღნიშნა ზურაბ კიკნაძემ.