ახალი ამბები

მყინვარები მონიტორინგის სისტემით დაიფარება – პრემიერი

შოვის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა.

სპეციალისტები მსგავსი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად გამოსავალს მონიტორინგის და წინასწარი შეტყობინების სისტემების მონტაჟში ხედავენ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სათანადო ვადებში მყინვარები მონიტორინგის სისტემით დაიფარება. მიისვე თქმით, ეს დროს მოითხოვს, თუმცა, პრემიერი დარწმუნებულია, რომ შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად ყველა სამუშაო შესრულდება

„რაც შეეხება სისტემებს, ამასთან დაკავშირებით მე განცხადება გავაკეთე, როცა მთავრობის დამტკიცების დღე იყო და შემდეგ როცა ყოველწლიური ანგარიში ჩავაბარე. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უძღვება ამ სამუშაო პროცესს, ამ ყველაფერში ჩართულია შვეიცარიელ პარტნიორი და სათანადო ვადებში მყინვარები დაფარული იქნება მონიტორინგის სისტემით. ეს გარკვეულ დროს მოითხოვს, თუმცა სათანადო ვადებში შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად ყველა სამუშაო შესრულდება“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე ფიქრობს, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემების და მონიტორინგის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა შოვის ტრაგედიის თავიდან აცილება,თუმცა, მის ამ შეფასებას “ცრუს” უწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

ცნობისთვის, შოვში მომხდარი სტიქიური მოვლენის კვლევისთვის მეცნიერთა ჯგუფი შეიქმნა, რომელიც მოიცავს ათამდე ქვეყანას, მათ შორის კანადას, აშშ-ს, შოტლანდიას, გერმანიას, საფრანგეთს, ჩილეს და ჯამში, ქართველი მეცნიერების ჩათვლით საუბარია 25 მეცნიერზე.

2023 წლის 3 აგვისტოს შოვში მომხდარ სტიქიას 33 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მდინარე ბუბასწყლის ხეობაში მეწყრული პროცესები 2023 წლის 3 აგვისტოს განვითარდა. განადგურდა კურორტ შოვის 26 ჰა ფართობზე არსებული საცხოვრებელი სახლები და ობიექტები.

გამოძიება, რომელმაც უნდა შეისწავლოს სტიქიის გამომწვევი მიზეზები, დამდგარი შედეგები, სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებები, სამძებრო-სამაშველო ოპერაციასთან დაკავშირებული საკითხები, ერთი წლის შემდეგაც მიმდინარეობს.

როგორც დღეს პრემიერმა კობახიძემ თქვა, ტრაგედიის ადგილზე, შოვში, ტაძარი აშენდება.

პრემიერ-მინისტრ კობახიძეს აქვს ინიციატივა, დაორგანიზდეს შეხვედრა, რომელზეც ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, უპირველესად, ჭირისუფლებს, ეცნობებათ ყველა დეტალი გამოძიების შესახებ.