ახალი ამბები

მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველის სუბსიდირება მიმდინარე წელსაც განხორციელდება

რთველის სუბსიდირება მიმდინარე წელსაც განხორციელდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 1 ლარს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ჩვენ ქვეყანაში მევენახეობა, მეღვინეობა წლიდან წლამდე ვითარდება, ამ დარგის მიმართ სახელმწიფოს მხარდაჭერა არის ძალიან დიდი. კობახიძის თქმით, ამ მხარდაჭერის შედეგად გაშენდა ახალი ვენახები, შეიქმნა ახალი საწარმოები, ვენახების კადასტრი, გაუმჯობესდა ღვინის ხარისხი.

„საექსპერტო ბაზრების არეალი ძალიან მნიშვნელოვნად გაფართოვდა ამ წლების განმავლობაში და რეკორდულ რაოდენობამდე გაიზარდა ღვინის ექსპორტი, ღვინის მოსავალი. მუშაობს აგროკრედიტის და აგროდაზღვევის სისტემა, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს დარგი წლიდან წლამდე განვითარდეს. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს და სამინისტროს. რაც შეეხება უშუალოდ რთველს, გვაქვს ძალიან კარგი მონაცემები, 2024 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი შეადგენს დაახლოებით, 300 0000 ტონას, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფომ მიიღოს ყველა ზომა იმისთვის, რომ მოსავალი სათანადოდ დაბინავდეს, მოხდეს ამ მოსავლის სათანადოდ რეალიზაცია. რთველის სუბსიდირება მიმდინარე წელსაც განხორციელდება, იმისთვის, რომ მოსავალი სრულად დაბინავდეს და ფერმერებმა ადეკვატური შემოსავალი მიიღონ. ასევე, ღვინის ინდუსტრიამ შეძლოს ბოლო წლების სტაბილური განვითარების შენარჩუნება, სახელმწიფო განახორციელებს ფინანსურ ინტერვენციას. 20 000-ზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის საშუალება მიეცემა. ამ ყველაფრის საფუძველზე, ასევე, რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას ექნება იმის საშუალება, რომ ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავება განახორციელოს. ეს არის, რა თქმა უნდა, სუბსიდიის ამოცანა. მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 1 ლარს.

კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს 1 კგ რქაწითელზე 20 თეთრს. საკოორდინაციო შტაბი გაიხსნება იმისთვის, რომ ორგანიზებულად მოხდეს მოსავლის ჩაბარება“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ „დავეხმაროთ ჩვენს ფერმერებს და ასევე, შესაბამის კომპანიებს“.

„მინდა შეგახსენოთ ის მონაცემები, რომელიც ჩვენ გვქონდა 2012 წელს და რამხელა იყო ზრდა 2012 წლის შემდეგ. 2012 წელს გადამუშავდა სულ 52 000 ტონა ყურძენი. ხოლო, 2023 წელს გადამუშავებული ყურძნის მოსავალმა შეადგინა 221 000 ტონაზე მეტი. ამ თვალსაზრისით, გვაქვს ძალიან დიდი ზრდა. რაც შეეხება შემოსავლებს, 2012 წლამდე მევენახეების შემოსავალი ჯამურად შეადგენდა დაახლოებით 50 მილიონ ლარს. 2023 წელს ეს მაჩვენებელი გაიზარდა უკვე 300 მილიონ ლარზე, 306 მილიონი ლარი იყო ზუსტად შემოსავალი და წელს, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. კადასტრის ეროვნული პროგრამის მონაცემებით, რომელიც განხორციელდა 2014-23 წლებში, დღეისთვის ვენახების ფართობი ქვეყნის მასშტაბით არის გაორმაგებული. მევენახეობის რეგიონებში გაშენებული გაშენებულია 50 000 ჰექტრამდე ახალი ვენახი, ესეც მიუთითებს ძალიან სერიოზულ წინსვლაზე ამ დარგში. 2012 წელს რეგისტრირებული იყო სულ 40კომპანია, რომელიც აწარმოებდა ღვინოს ჩვენ ქვეყანაში, დღეის მდგომარეობით, რეგისტრირებული კომპანიების საშუალო და მცირე მარნების რაოდენობა 3 000 აღწევს. აქედან, 500-მდე მწარმოებელი ღვინოს ექსპორტსაც ახორციელებს. ექსპორტის მაქსიმალური მაჩვენებელი დაფიქსირდა შარშან, მსოფლიოს 66 ქვეყანაში, შარშან ექსპორტირებული იყო 260 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო“, – განაცხადა კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.