ახალი ამბები

ვახტანგ კალოიანი – ქვეყანაში რეანიმაციული საწოლების დეფიციტია

საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოში საავადმყოფოების რაოდენობა 26 ერთეულით, ხოლო საწოლფონდი 14.5%-ით შემცირდა.

ჯანდაცვის სპეციალისტების ნაწილი ამბობს, რომ ეს მოსალოდნელი იყო.

ვახტანგ კალოიანი ერთ-ერთი მაპროვოცირებელ მიზეზად რეანიმაციის სტანდარტებს ასახელებს, რომელიც დაკმაყოფილებაც კლინიკებს მოუწიათ, თუმცა მოთხოვნებზე მორგების შემდეგ ამ ტიპის საწოლფონდი ქვეყანაში კალოიანის შეფასებით 30%-ით შემცირდა, რაც კლინიკებს ყოველდღიურად მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს.

“რეგულაციებში კლინიკურ შედეგებზე ან კლინიკურ პროცესზე უფრო აქტუალური იყო რა უნდა ყოფილიყო მანძილი კარიდან ფანჯრამდე ან ტუალეტი დერეფნის ბოლოს უნდა ყოფილიყო თუ დასაწყისში. ველოდები, რომ საწოლფონდის გარკვეული შემცირება კიდევ იქნება. ერთ-ერთი სახიფათო ტენდენცია რაც არის რეანიმაციული საწოლების საკმაოდ დიდი დეფიციტია და სავარაუდოდ ეს დეფიციტი გაიზრდება. რეგულაციებმა დაახლოებით 30%-ით შეამცირა რეანიმაციური საწოლების რაოდენობა, რაც ყველაზე დიდ პრობლემებს ქმნის ურბანულ ცენტრებში, სადაც კონცენტრირებულია პაციენტები ამ საჭიროებით და მუდმივი დაძაბულობის პირობებში უწევთ კლინიკებს მუშაობა.

ჩემი აზრით, ამ რეგულაციას ეს ძალიან დიდი ხარვეზი აქვს და თვითონ სულისკვეთებას. ჩვენ ვაფრთხილებდით ჯანდაცვის სამინისტროს, სამწუხაროდ, არავინ ეს გაითვალისწინა. მე ველოდები, რომ ეს კრიზისი ოდნავ უფრო გაღრმავდება,”- ამბობს ჯანდაცვის სპეციალისტი ვახტანგ კალოანი.